ჯუანშერ ბურჭულაძემ დაკავებისას განაცხადა, რომ წოლითი რეჟიმი აქვს დანიშნული და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა მოითხოვა - სუს-ი განმარტავს რატომ არ გასაჯაროვდა დაკავების კადრები

სუსი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებასთან დაკავშირებით, სუს-ის პრესსამსახური დამატებითი ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, თუ რატომ არ გასაჯაროვდა დაკავების კადრები.

სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაკავების დროს განაცხადა, ის რამდენიმე დღის წინ კახეთში კვადროციკლიდან გადმოვარდა და ტვინის მსუბუქი შერყევა მიიღოს, რის გამოც მას ექიმის მიერ დანიშნული აქვს წოლითი რეჟიმი და ითხოვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. სამედიცინო შემოწმებისთვის საგამოძიებო უწყებიდან ის გადაიყვანეს ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, შესაბამისად, გასაგები მიზეზის გამო, ანტიკორუფციული სააგენტო თავს იკავებს მისი დაკავების კადრების გავრცელებისგან.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი ცოტა ხნის წინ დასრულდა. უწყებაში ითქვა, რომ ბურჭულაძე დააკავეს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.