ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა უკრაინის მოქალაქეებმა, რუსლან სივაკოვმა და სერგეი კუხარჩუკმა სასამართლო პროცესზე სატელევიზიო და ფოტოკამერების დაშვება მოითხოვეს

საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დააკმაყოფილა თარჯიმან დავით გულიაშვილის თვითაცილების შუამდგომლობა, რის შემდეგაც პროცესზე შესვენება იყო გამოცხადებული.

დავით გულიაშვილმა თვითაცილება მას შემდეგ მოითხოვა, რაც ადვოკატებმა საქმიდან მისი აცილების შუამდგომლობა დააყენეს.

როგორც უკრაინის მოქალაქეების, რუსლან სივაკოვის და სერგეი კუხარჩუკის ადვოკატებმა განაცხადეს, აღნიშნული თარჯიმანი კონფლიქტშია ბრალდებულებთან, არასრულფასოვნად თარგმნის, ამასთან, ბრალდებულებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

თავად თარჯიმანმა დავით გულიაშვილმა მისი აცილების შუამდგომლობა ზეწოლად შეაფასა. მისი განმარტებით, კარგად ფლობს რუსულ ენას და პროფესიონალურად თარგმნის. დავით გულიაშვილის თქმით, ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ვეღარ გააგრძელებს პროცესზე მუშაობას და თვითაცილება მოითხოვა.

განსხვავებული იყო ბრალდების მხარის შეფასება. პროკურორების განცხადებით, მომავალ თარჯიმანსაც პრობლემას მოუძებნიან, რათა წარმოაჩინონ, თითქოს ბრალდებულის უფლება ირღვევა.

„არდაწყებულ პროცესზე თქვეს, თითქოს არასწორად თარგმნისო. ისეთი ფონი შექმნეს, რომ თვითაცილება დააყენა თარჯიმანმა. მათი მიზანია, საოქმოდ დაფიქსირდეს, თითქოს რაღაც უფლება დაირღვა. ხვალ და ზეგ სხვა თარჯიმანზეც ექნებათ პრობლემა. მანამდე სხვა თარჯიმნის მიმართაც გამოთქვეს პრეტენზია. ამ თარჯიმანს სხვა პროცესებზე პრობლემა არ ჰქონია, მისი არაკომპეტენტურობა არცერთ სხდომაზე არ გამოკვეთილა. არც აცილების და არც თვითაცილების შუამდგომლობა არაა დასაბუთებული. დაცვის მხარის მოსაწონი თარჯიმანი არ მოიძებნება“, – განაცხადა პროკურორმა ვაჟა თოდუამ.

ამასთან, დღევანდელ სასამართლო პროცესზე რუსლან სივაკოვმა და სერგეი კუხარჩუკმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, სასამართლოს მიმართეს და პროცესზე სატელევიზიო და ფოტოკამერების დაშვება მოითხოვეს.

როგორც ბრალდებულებმა განაცხადეს, ეს ერთადერთი გზაა უკრაინაში მყოფი თავიანთი ოჯახის წევრების ინფორმირებისთვის.

„მე, სერგეი კუხარჩუკი, უკრაინის მოქალაქე სასამართლო დარბაზიდან მაღალ იურიდიულ საბჭოს მივმართავ, რომ დაუშვან სატელევიზიო არხები და ფოტორეპორტიორები, რომ რაც აქ ხდება, გადასცენ. ეს ერთადერთი საშუალებაა, ჩვენმა ნათესავებმა, რომლებიც უკრაინაში იმყოფებიან და არ შეუძლიათ საქართველოში ჩამოსვლა, ნახონ, სად ვიმყოფებით უკრაინის მოქალაქეები, მე და რუსლან სივაკოვი. იმედი მაქვს, უმოკლეს დროში დააკმაყოფილებენ ჩემს თხოვნას. გთხოვთ, ასლი გადასცეთ სახალხო დამცველს და უკრაინის საელჩოს“, – განაცხადა კუხარჩუკმა და მოთხოვნა სასამართლოს წერილობით გადასცა.

იგივე თხოვნა ჰქონდა რუსლან სივაკოვსაც.

„გთხოვთ, დაუშვათ ტელევიზია, დედაჩემი არის დანგრეულ ქალაქ ვოლჩანსკთან უკრაინაში. იქ არაა ტელევიზია, 30 წუთით რთავენ ინტერნეტს და ამ ფორმით რომ შეძლოს  ჩემი ნახვა. ინტერნეტში არის სასამართლოს ჩანაწერები და შეძლებს ჩემს ნახვას. საქართველო, მიყვარხარ“, – განაცხადა რუსლან სივაკოვმა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა განაცხადა, რომ ამ თემაზე პოზიცია არაერთხელ დაუფიქსირებია და შუამდგომლობას ვერ განიხილავს.