1746264643
ინტერპოლით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს, საქალაქო სასამართლოში მიიყვანეს

ტერორისტული დაჯგუფების წევრი და წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა დღეს რუსთავში დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს. მისი სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.
მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ დაკავებულს ბრალად ედება საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთა. სწორედ ამ თემაზე დაიწყება აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა.
ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა. მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი კერძო ბიზნესით იყო დაკავებული.
"აზერბაიჯანის მოქალაქეა, ბრალი ედება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი. საქმის მასალებში არ მოიპოვება მისი ძებნის შესახებ. საქართველოში მხოლოდ დაკავებულია კერძო ბიზნესით. მისი ნათესავებისგან გადმოცემით, ავტონაწილების შესყიდვასა და რეალიზაციასთან იყო დაკავშირებული", - ამბობს ადვოკატი, ჯეუხუნ მამედოვი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი, არის საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონე და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი. გამოძიების ცნობით, მამაკაცი, რომლის ვინაობა არ სახელდება, ახლო აღმოსავლეთში 2014 წელს გაემგზავრა და "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანდა. უცხო ქვეყნის მოქალაქე ინტერპოლით იძებნებოდა.