როდის გადმოკვეთა ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრმა საქართველოს საზღვარი - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ინტერპოლით ძებნილი პირის საქმეზე

interpol

ტერორისტული დაჯგუფების წევრისა და წითელი ცირკულარით ძებნილი პირის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ტერორისტული ორგანიზაციის წევრს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი გვიან ღამით დასრულდა.

რუსთავში დაკავებული "ისლამური სახელმწიფოს" წევრი 41 წლის ჯავედ ხუდამოვია. ტერორისტული ორგანიზაციის წევრი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ჯავედ ხუდამოვი საქართველოში თურქეთიდან, სარფის სასაზღვრო პუნქტის გავლით, სხვისი პასპორტით შემოვიდა.

წითელი ცირკულარით ძებნილი ჯავედ ხუდამოვი საქართველოში 2022 წლის 16 დეკემბერს შემოვიდა. მან ყირგიზეთის პასპორტის გამოყენებით, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი გადმოკვეთა.

ადვოკატი, ჯეიჰუნ მამედოვი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას 48 საათის განმავლობაში გაასაჩივრებენ.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის ფაქტობრივად სამი წლის წინ გადმოსული საქართველოს ტერიტორიაზე. სავარაუდოდ, ეს ჯერ დაუდგენელია, რომ ყალბი პასპორტით, ყორგიზეთის პასპორტით არის შემოსული. სამი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული, არ ჰქონდა შემხებლობა არც ერთ ტერორისტულ კავშირებთან. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის პოზიცია და გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია და შეეფარდა პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. ამას აუცილებლად, 48 საათის განმავლობაში გავასაჩივრებთ," - ამბობს ადვოკატი, ჯეიჰუნ მამედოვი.

პროკურორი, ელიზბარ გოზალიშვილი ამბობს, რომ სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები.

"იძებნებოდა ინტერპოლის მიერ. მან ყალბი დოკუმენტის გამოყენებით უკანონოდ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში. დღევანდელ სასამართლო პროცესზე განხილულ იქნა აღკვეთის ღონისძიების საკითხი. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. შესაბამისად, მას შეეფარდა პატიმრობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს მოცემულ საქმეზე გამოძიება. აღნიშნული პიროვნება ასევე იძებნება ინტერპოლის შესაბამისი ცირკულარით და მას ბრალად ედება ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წევრობა. მისი ბინიდან ამოღებული იქნა არა ერთი ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, მიმდინარეობს შესწავლა აღნიშნული მასალების და გამოძიების მიერ შეიძლება გამოიკვეთოს დამატებითი გარემოებებიც," - ამბობს ელიზბარ გოზალიშვილი.