1755629376
ზუგდიდში ახალი სპორტული კომპლექსი გაიხსნა

ზუგდიდში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სპორტული კომპლექსი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სპორტული კომპლექსი საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა.
„ზუგდიდის ახალი სპორტული კომპლექსი აღჭურვილია ისეთი ინფრასტრუქტურით, რომელიც მიიზიდავს ყველა ასაკისა და ინტერესის მომხმარებელს: დიდი (33×25 მ) და პატარა (16×8 მ) საცურაო აუზები, ტრენაჟორების და ძალოსნობის დარბაზები – ყველაფერი ჯანმრთელი და აქტიური ცხოვრების წესისთვის.
თითოეულ დარბაზსა და აუზს აქვს საკუთარი გასახდელები და საშხაპეები როგორც სპორტსმენებისთვის, ისე მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის.
კომპლექსში სრულად გათვალისწინებულია ყველა ის სამუშაო თუ ტექნიკური სივრცე, რაც აუცილებელია მისი გამართული ფუნქციონირებისთვის. დამონტაჟებულია გათბობის, გაგრილების და ხანძარქრობის თანამედროვე სისტემები. შესასვლელ სივრცეში მოწყობილია კაფე და მცირე ზომის მაღაზია. სპორტული კომპლექსი აღჭურვილია ცურვის, წყალბურთის და ძალოსნობის ვარჯიშისა და შეჯიბრებების ჩასატარებლად აუცილებელი ინვენტარით.
მშენებლობის ფარგლებში კეთილმოეწყო სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაც, მათ შორის, პარკინგი 100 მსუბუქი ავტომობილისა და სამი ავტობუსისთვის.
პროექტი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
სპორტული კომპლექსის მშენებლობას, აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხითა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით, 27 მილიონ ლარამდე მოხმარდა.
პროექტი განხორციელდა „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს ოთხი სპორტული კომპლექსის მშენებლობას. დღეისთვის, უკვე ფუნქციონირებს რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის სპორტული კომპლექსები. მალე დასრულდება ახალციხის სპორტული კომპლექსის მშენებლობაც“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.