ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
წნორში, დიალიზის სერვისი ამოქმედდა, რომელიც ადგილობრივ ბენეფიციარებს მოემსახურება. ამ დრომდე, ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პაციენტებს, სიცოცხლისთვის აუცილებელი მომსახურების მისაღებად, საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან, მოშორებით უწევდათ გადაადგილება, რაც დამატებით ფიზიკურ დატვირთვას, დროსა და ხარჯებს უკავშირდებოდა. დღეიდან კი, სერვისს სახლთან ახლოს მიიღებენ.
ახალგახსნილი ცენტრი ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა. ადგილზე გაეცნო დაწესებულების ინფრასტრუქტურასა და სერვისის მიწოდების პროცესს.
მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ამ მიზნით, სამინისტრო, მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას კერძო სექტორთან, რათა დიალიზის სერვისის გეოგრაფიული დაფარვა კიდევ უფრო გაიზარდოს. მისივე თქმით, მიმდინარე წელს, სახელმწიფომ კლინიკებისთვის ჰემოდიალიზის მომსახურების დაფინანსების ტარიფი გაზარდა, რაც ხელს უწყობს პაციენტებისთვის უფრო ხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სერვისების მიწოდებას.
წნორში მდებარე დიალიზის ცენტრი, ყოველდღიურად, 16 პაციენტს მოემსახურება. მუნიციპალიტეტში ჯამურად, სერვისით 32 ბენეფიციარი ისარგებლებს. ცენტრი სრულადაა აღჭურვილი ჰემოდიალიზისთვის საჭირო თანამედროვე აპარატურით. პაციენტებს, ყოველდღიურად, ემსახურება სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი.
წნორში, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რეგიონული განვითარების მინისტრი კახა გულედანი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატი გია ბენაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი იმყოფებოდნენ.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში, დიალიზის სერვისს 50 სამედიცინო დაწესებულება აწვდის და ჰემოდიალიზის მომსახურებით, 3000-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090