ბაღდათი-ვანი-დაფნარის გზის მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს

ბაღდათი-ვანი-დაფნარის გზა

ვანის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაღდათი-ვანი-დაფნარის გზის კმ 15-23 მონაკვეთზე სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 3 200 000 ლარს შეადგენს.

სამუშაოები მოიცავს საავტომობილო გზის ვაკისის სუსტი გრუნტების შეცვლას, ასფალტ-ბეტონის შემასწორებელ და ზედა ფენის დაგებას, გვერდულების კეთილმოწყობას, საგზაო ნიშნების და უსაფრთხოების მარეგულირებლების, ასევე - კიუვეტებისა და მიერთებების მოწესრიგებას.

მიმდინარე სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა დაათვალიერეს.

აღნიშნული პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და, მეორე ეტაპის ფარგლებში, დაგეგმილია გზის კმ 23-29 მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელზეც ამჟამად საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე მხარის რწმუნებული ადგილზე გაეცნო სოფლებში გზის დაგების სამუშაოებს. ამ ეტაპზე, საავტომობილო გზების მოწესრიგება ვანის 20-მდე სოფელში მიმდინარეობს.