ექსპერტი განმარტავს, უნდა გამოვრთოთ თუ არა აკუმულატორი, თუ მანქანა დიდი ხნითაა გაჩერებული

აკლუმულატორი

თუ გეგმავთ ავტომობილის ერთი კვირით ან უფრო ხანგრძლივად დატოვებას, ჩნდება კითხვა: საჭიროა თუ არა აკუმულატორის გამორთვა, რათა ჩვენი არყოფნის პერიოდში აკუმულატორი „არ დაჯდეს“.

ავტორიტეტული ავტოგამოცემა Jalopnik-ის ინფორმაციით, პასუხი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, აკუმულატორის მდგომარეობასა და ავტომობილის გაჩერების ხანგრძლივობაზე.

საშუალოდ, ავტომობილის აკუმულატორი მუხტს ორიდან ოთხ კვირამდე ინარჩუნებს, თუმცა გადამწყვეტ როლს მისი „ასაკი“ და საერთო მდგომარეობა თამაშობს. სამ წელზე ძველი აკუმულატორები ბევრად სწრაფად იცლება, განსაკუთრებით თანამედროვე ავტომობილებში, სადაც ძრავის გამორთვის შემდეგაც ელექტრონიკა ენერგიას მოიხმარს. საათი, ელექტრონული მართვის ბლოკი (ECU) და ვიდეორეგისტრატორი მცირე რაოდენობით ენერგიას მაინც იყენებენ.

ამიტომ, თუ ავტომობილი 4–6 კვირაზე მეტხანს გრჩებათ უძრავად, რეკომენდებულია ან აკუმულატორის გამორთვა, ან მისი სპეციალურ დამტენზე (trickle charger) შეერთება, რათა დაბრუნებისას ენერგიის მარაგი გარანტირებული იყოს.

ასევე მნიშვნელოვანია კლიმატური პირობები: მაღალი ტემპერატურა ან ძლიერი სიცივე აჩქარებს დაცლას. უმჯობესია ავტომობილი დატოვოთ მშრალ და გრილ ადგილას და წინასწარ დარწმუნდეთ, რომ ყველა განათება და ელექტროაქსესუარი გამორთულია. აკუმულატორის გათიშვა არა მხოლოდ მუხტის შენარჩუნებაში გეხმარებათ, არამედ მისი საერთო ექსპლუატაციის ვადასაც ახანგრძლივებს.

თუმცა აკუმულატორის დროებით გამორთვას თავისი მინუსებიც აქვს. აკუმულატორის მოხსნა და ხელახლა შეერთება გამოცდილების გარეშე ადამიანებისთვის რთული და პოტენციურად საშიშიც შეიძლება იყოს. გარდა ამისა, ხელახალი შეერთების შემდეგ ხშირად ნულდება რადიოს, GPS-ისა და სხვა სისტემების პარამეტრები, ხოლო სიგნალიზაციამ და უკონტაქტო წვდომამ დროებით შეიძლება არ იმუშაოს. ასეთ შემთხვევაში ავტომობილის გასაღებად ჩვეულებრივი გასაღების გამოყენება გახდება საჭირო.

ალტერნატივად, მძღოლებს შეუძლიათ სთხოვონ ახლობლებს ან მეზობლებს, რომ კვირაში ერთხელ ძრავი დაქოქონ, ეს აკუმულატორის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.