ყველამ თავის გადაწყვეტილებას და პარტიას მიხედოს, რას ვაპირებთ, როგორ ბრძოლაში ვიქნებით, საჭიროდ და მიზანშეწონილად როდესაც ჩავთვლით, მაშინ ვიტყვით - თაზო დათუნაშვილი

თაზო დათუნაშვილი

ვურჩევ კოლეგებს, თავი შეიკავონ ისეთ მდგომარეობაში თავის ჩაყენებისგან, რომელმაც შეიძლება, ისინი ცუდად წარმოაჩინონ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით „ლელოს“ პოზიციის დაფიქსირებისგენ ვერავინ უბიძგებს ბრიფინგებით.

„თვითმმართველობის არჩევნებზე „ლელო – ძლიერი საქართველოს“ პოზიცია ამ მომენტისთვის იგივე რჩება. ჩვენი მთავარი პოლიტიკური ამოცანა არის ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება, ამ არჩევნების მოპოვება და პოლიტიკური პატიმრების ტყვეობიდან გათავისუფლება. ამ კონკრეტულ მომენტში არ ვთვლით მიზანშეწონილად ამ თემაზე საუბარს. არ ვერიდებით ამ თემაზე საუბარს, მოვა ის მომენტი, როცა ამაზე ვისაუბრებთ და არავითარი კომპლექსი არ გვაწუხებს. ყველამ თავის გადაწყვეტილებას და თავის პარტიას მიხედოს. ჩვენ რას ვაპირებთ, როგორ ბრძოლაში ვიქნებით, არასდროს მოგვრიდებია თქმა და არც არასდროს მოგვერიდება მომავალში. საჭიროდ და მიზანშეწონილად როდესაც ჩავთვლით, მაშინ ვიტყვით ამ პოზიციას. ამისკენ ვერავინ გვიბიძგებს ბრიფინგებით და განცხადებებით. ვურჩევ კოლეგებს, თავი შეიკავონ ისეთ მდგომარეობაში თავის ჩაყენებისგან, რომელმაც შეიძლება, ისინი ცუდად წარმოაჩინონ“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ 20 მაისს განაცხადა: „დადგა დრო, პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს, პოლიტიკური მკაფიოობის დრო დადგა. დადგა დრო, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის. კერძოდ, რას ვაკეთებთ, შევდივართ თუ არა ფარსში, სახელად ადგილობრივი არჩევნები?“