ვლადიმერ ბოჟაძე: ჯო უილსონის ყველა განცხადება მაიდანიზაციის გეგმის მხარდაჭერის ნაწილია - ამ სცენარის განხორციელების სურვილი კვლავ არსებობს ქვეყნის გარეთ

ვლადიმერ

ჯო უილსონის ყველა განცხადება, რომელიც ჩვენ მოგვისმენია, ან მოვისმენთ მომავალში, მაიდანიზაციის გეგმის მხარდაჭერის ნაწილია, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ. მისი თქმით, ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ ძალისმიერი მეთოდებით შეცვალონ საქართველოს ხელისუფლება.

დეპუტატი გამოეხმაურა რუს პრანკერებთან ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მრჩევლისა და ჰელსინკის კომისიის შტაბის დირექტორის პოლ მასაროს ინტერვიუს.

„ამ სცენარის განხორციელების სურვილი კვლავ არსებობს ქვეყნის გარეთ და ის ადამიანები, რომლებიც არიან დაინტერესებული ჩვენს ქვეყანაში არეულობით და დესტაბილიზაციით, კვლავ აგრძელებენ დაფინანსებას და პოლიტიკურ მხარდაჭერას. ჯო უილსონის ყველა განცხადება, რომელიც ჩვენ მოგვისმენია, ან მოვისმენთ მომავალში, უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ რომ სწორედ ამ გეგმის - მაიდანიზაციის გეგმის მხარდაჭერის ნაწილია, ისევე როგორც ნებისმიერი დაფინანსება, რეზოლუცია თუ მხარდაჭერა უკავშირდება ერთად ერთ რამეს, რომ როგორმე ძალისმიერი მეთოდებით შეიცვალოს ქვეყანაში ხელისუფლება“, - განაცხადა ბოჟაძემ.

ჰელსინკის კომისიის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი, პოლ მასარო ფიქრობს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ შესაძლებელია მაიდანი მოხდეს.

როგორც მან რუს პრანკერებს, რომლებმაც მას 2015-2019 წლებში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, კონსტანტინ ელისეევის სახელით დაურეკეს, განუცხადა, თბილისში მომიტინგეები ჯერ კიდევ იკრიბებიან და საქართველოში, შესაძლოა, მაიდანი მოხდეს.