ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია არის დაბარებული.
გახარიას გუნდის წევრი, გიორგი შარაშიძე მიიჩნევს, რომ პარტიის "საქართველოსთვის" ლიდერი სხდომაზე გამოცხადდება.
"ერთადერთი მიზანი, რასაც გიორგი გახარია მაშინ, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს თავის კოლეგებთან, სხვა სამინისტროებთან ერთად ისახავდა, ეს იყო სახელმწიფო ინტერესების დაცვა. რაც შეეხება ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე მისვლას - მე პირადად, ვფიქრობ, რომ მისი გადაწყვეტილება იქნება ანალოგიური და კვლავ მივა ამ კომისიაზე, მაგრამ ეს მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს," - აცხადებს გიორგი შარაშიძე.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარეობს. საქმის ერთ-ერთი ეპიზოდია 2019 წელს სოფელ ჩორჩანასთან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება, საგუშაგოს გახსნის თაობაზე. სწორედ ამ ქმედებას უკავშირებს მმართველი გუნდი მალევე საოკუპაციო ხაზთან სიტუაციის ესკალაციას - რამდენიმე რუსული ბლოკპოსტის გახსნასა და 120 ჰექტარი ტყისა და საძოვრების დაკარგვას.
ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დღეს შიდა ქართლის ყოფილ გუბერნატორს, გიორგი ხოჯევანიშვილს და ჩორჩანას მკვიდრს, ელგუჯა ხარაზიშვილს ელოდებიან. გამოძიების შეკითხვებს უკვე უპასუხეს რეგიონული განვითარებისა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრებმა, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა.