1761825060
წინასწარ რატომ საუბრობენ, გადაწყვეტილება სწორია თუ არ არის სწორი? გამოდის, რომ ევროპის საბჭოს ბიუროკრატიას უკვე წინასწარ აქვს ვერდიქტი გამოტანილი - გურამ მაჭარაშვილი ევროპის საბჭოს მომხსენებლების მოწოდებაზე
 
                                                                ევროპული კონვენციის პრინციპების დარღვევა და მორიგი ზეწოლა საქართველოზე, - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპის საბჭოს მომხსენებლების მოწოდებას, საკონსტიტუციო სარჩელის უკან გაწვევასთან დაკავშირებით.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, დემოკრატიის "დიფ სთეითური" გაგემა სწორედ ასეთია - "როდესაც "დიფ სთეითს" აწყობს სასამართლოსთვის მიმართვა, მუშაობს და როდესაც "დიფ სთეითს" არ აწყობს, ეს არ მუშაობს და კრიტიკის საგანია".
"დემოკრატიის "დიფ სთეითური" გაგემა სწორედ ასეთია - დემოკრატია არის იქ, სადაც არის "დიფ სთეითი". როგორ შეიძლება ახლა, "სტამბოლის კონვენცია"იქნება თუ ნებისმიერი ტიპი კონვენცია. სადაც ადამიანებს უფლება აქვთ, რომ სასამართლოს მიმართონ, მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობდეს როდესაც აწყობს "დიფ სთეითს" და არ მუშაობდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ეს არ აწყობს "დიფ სთეითს". სასამართლოს რომ მიმართავს ადამიანი, ან მართალია ან მტყუანია. ამას სასამართლო გადაწყვეტს. წინასწარ რატომ საუბრობ იმასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება სწორია თუ არ არის სწორი. ანუ გამოდის, რომ ევროპის საბჭოს ბიუროკრატიას უკვე წინასწარ აქვს ვერდიქტი გამოტანილი. არც წაუკითხავთ სარჩელი, არც იმ მტკიცებულებებზე საუბრობენ, რაც იქ არის. ჩამოვიდნენ აქ და იმ მრავალ ასეულ ადამიანს და ოჯახს გაესაუბრონ, რომელიც საგამოძიებო კომისიაზე იყო მოსული და ისინი გაიგებენ, რა არის სამართლიანი და რა არ არის სამართლიანი", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის ბიუროს სხდომაზე განხილვის შემდეგ, თანამომხსენებლებმა ბერნდ ფორინგერმა და სტიუარტ დიკსონმა საქართველოს საკითხზე განცხადება გაავრცელეს.
ტექსტში წერია, რომ ისინი გმობენ გადაწყვეტილებას პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.
 
                                                     
                                                     
                                                    










