თეა წულუკიანი ლევან იოსელიანს: ჩაატარეთ თუ არა რეორგანიზაცია? ისევ მავნებელი ლომჯარიას და ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ერთად ხომ არ მუშაობთ?

თეა

"რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და თუ არა - რატომ?" - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თეა წულუკიანმა, სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, რომელმაც პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

თეა წულუკიანის შეფასებით, შესაძლოა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ომბუდსმენს თემებს შერჩევითად აწვდიან.

"მანიფესტანტების უფლებები დაირღვაო და დაჭრილი პოლიციელი რატომ არ ახსენეთ? რატომ არ ახსენეთ ის, რომ ქვეყანას ჰქონდა სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე? -ახლა არ მითხრათ ეს ადამიანი უფლებები არ არისო. ადამიანის პირველი უფლებაა უსაფრთხოების უფლება.

ალბათ ეს "სტაფის" ბრალია, რომ შერჩევითად გაწვდიან თემებს. რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და თუ არა - რატომ? ხომ არ მუშაობთ ისევ ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად და ხომ არ გვამყოფებთ მათ იმედზე, რომ თურმე ჩვენი უფლებები იქნება დაცული? და ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ხომ არ მუშაობთ ისევ შემთხვევით, რომლებსაც ეჩვენებათ, რომ დეესკალაციის ოთახებში, დღევანდელ ქართულ ციხეებში არაადამიანური მოპყრობაა," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტი ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს ისმენს. დოკუმენტს ლევან იოსელიანი წარადგენს. ომბუდსმენმა ვრცლად ისაუბრა 2024 წლის საპროტესტო აქციებსა და გამოვლენილ დარღვევებზე. კითხვებიც, ძირითადად, სწორედ ამ მიმართულებით იყო. ისმოდა ომბუდსმენის მისამართით კრიტიკა.