საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1752515727
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ხელმძღვანელს, როვშან რუსტამოვს შეხვდა, რომელიც სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება. გასული კვირის ბოლოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა, სადაც აზერბაიჯანის პირველ პირებთან ქვეყნებს შორის სამგზავრო-სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობები განიხილა. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნული ვიზიტიდან უმოკლეს ვადაში, "აზერბაიჯანის რკინიგზის" ხელმძღვანელი საკითხის განსახილველად თბილისს ეწვია. ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს ყველა ტექნიკური საკითხი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მარიამ ქვრივიშვილის ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა მხარემ დააყენა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის ინიციატივასთან დაკავშირებით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძეშ და შპს „მარაბდა-კარწახის“ რკინიგზის ხელმძღვანელმა ლევან კანკავამ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის მნიშვნელობას, რაც ახალ სტიმულს მისცემს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, მათ შორის, ტურიზმის სფეროში.
მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის მთავრობას და რკინიგზის წარმომადგენლობას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ოპერატიული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის შესაძლებლობების შესახებ დიალოგი უახლოეს პერიოდში კონკრეტული გადაწყვეტილებით დასრულდება.