სოფლის მეურნეობის კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელა

სოფლის მეურნეობის კომიტეტ

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტი ეფუძნება ქვეყნის მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებსა და მთავარ პრიორიტეტებს, რომლებიც მიმართულია მდგრადი ეკონომიკური ზრდის, სოციალური მხარდაჭერის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებისკენ.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, 2026 წლის ბიუჯეტში რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,0%-ის ოდენობით. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო და აღნიშნა, რომ 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35,5 მილიარდ ლარს შეადგენს.

გიორგი კაკაურიძემ ცალკეული სამინისტროების დაფინანსებაზე ისაუბრა. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე და აღნიშნა, რომ სამინისტროს დაფინანსება 855 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

„სურსათის უვნებლობის მიმართულებით გამოყოფილია 77 მილიონი ლარი, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის - 83 მილიონი ლარი, ერთიანი აგრო პროექტისთვის გათვალისწინებულია 317 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციისთვის - 144 მილიონი ლარი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაც წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, 2025 წელსაც, ისევე როგორც პანდემიის შემდგომ პერიოდში, საქართველოს ეკონომიკაში პროგნოზირებულთან შედარებით გაცილებით მაღალი ეკონომიკური ტენდენციები იყო.

სოფლის მეურნეობის კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ ფინანსურ დოკუმენტს მხარი დაუჭირეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.