1745863963
"სირცხვილია," როგორც ორგანიზაცია, აღარ ფუნქციონირებს, შესაბამისად, რას იძიებენ, კაცმა არ იცის - მარიამ გეგუჩაძე

საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩხრეკა მიმდინარეობს სხვადასხვა ფონდის დამფუძნებლების საცხოვრებელ სახლებში. ამ წუთებში სამართალდამცველები შესულები არიან ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში და, ასევე, ალეკო ცქიტიშვილთან.
ამასთან, ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის, მარიამ გეგუჩაძის თქმით, ჩხრეკა მიმდინარეობს მის საცხოვრებელ სახლშიც.
"აქეთ არის ჩემი სახლი, იქით დედაჩემის... ჩემს სახლშიც შესულები არიან სავარაუდოდ, იმიტომ, რომ "სირცხვილიაზეც" არის დაწყებული გამოძიება. სასაცილო ამ ყველაფერში არის ის, რომ "სირცხვილია," როგორც ორგანიზაცია, აღარ ფუნქციონირებს, შესაბამისად, რას იძიებენ, კაცმა არ იცის. მაგრამ, ასევე, ნიშანდობლივია, ის ფაქტი, რომ "სირცხვილიადან" პირველი ვისთანაც შევიდნენ სახლში დილის 08:20 საათზე, არის მარიამ ბაჯელიძე, რომელიც არის 7 თვის ორსული, არის, ასევე, ექიმის დაკვირვების ქვეშ. იყო არასრულწლოვან ბავშვთან ერთად მარტო. მომიწია დედაჩემის მარტო დატოვება და მარიამთან წასვლა," - აღნიშნა მარიამ გეგუჩაძემ.
პროკურატურა გამოძიება "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიმართვის საფუძველზე დაიწყო, უწყება ხუთი ფონდის საქმიანობას სწავლობს.