შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღების შემდეგ, NGO-ებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ პროკურატურის ბრალდებები უსაფუძვლოა

განცხადება

მეორე დღეა შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დაყადაღებულია. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გუშინ დააკმაყოფილა. საფუძველი, აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა გახდა, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით ხდებოდა, ასევე, მოწოდებები დაუმორჩილებლობისკენ.

NGO-ები, რომლებიც ფინანსურ ტრანზაქციებს ვეღარ ახორციელებენ, უსაფუძვლო ბრალდებებზე საუბრობენ, თუმცა ISFED-ის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ დონორების ფულით საკუთარი თანამშრომლებისთვის აირწინაღები იყიდა. განცხადება გაავრცელეს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.

"ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რუსეთის ხელისუფლების მსგავსი, სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობის ინტერესი, საქართველოში განსხვავებული აზრისა და პროევროპული ჯგუფების სრულად განადგურებაა.

ყოველივე ეს ხდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის მთავრობას მიცემული აქვს კონკრეტული ვადა, აცნობონ ევროკავშირს, უნდათ თუ არა უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება ქართველი ხალხისთვის.

ივანიშვილის მთავრობა, მსგავსი ქმედებებით, კიდევ ერთხელ უდასტურებს ევროკავშირს, რომ მათი ინტერესებში არ შედის საქართველოს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ინტერესების და უფლებების დაცვას ახორციელებენ, საქმიანობის უკანონოდ გამოცხადება მიუთითებს იმაზე, რომ "ოცნების" მთავრობის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს მოქალაქეების სახელმწიფოს სადამსჯელო ქმედებების წინააღმდეგ დახმარების გარეშე დატოვებაა. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერებით ათასობით ადამიანი რჩება უფასო იურიდიული დახმარებისა და სხვა სერვისების გარეშე.

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვდგავართ ჩვენი კოლეგების გვერდით, ვიზიარებთ რა ჩვენს საერთო სწრაფვას თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული საქართველოსთვის," - ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში