ლევან მაჭავარიანი: კოლექტიური მდიდარი „ენჯეოები“ იკვებებიან შავი ფულით, რომლის ძალიან დიდი ნაწილიც უკვე გადაკეტილი აქვთ, ჩვენ მიერ მიღებული კანონებიდან გამომდინარე

ლევან მაჭავარიანი

გარე გზავნილები გვესმის ერთი და იგივე აქტორებისგან. ეს არიან აქტორები, რომლებიც ჩვენს ე.წ. მდიდარ „ენჯეოებს“ იყენებენ თავიანთ ინსტრუმენტად, იმისთვის რომ ქვეყანაში გააღვივონ პოლარიზაცია, განახორციელონ რევოლუციური სცენარები, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას.

მისი თქმით, ახალმა კანონმდებლობამ ასეთ ორგანიზაციებს შავი ფულის წყარო გადაუკეტა.

„სახელმწიფო უზრუნველყოფს ნებისმიერი მოქალაქის დაცვას. კოლექტიური მდიდარი „ენჯეოები“ იკვებებიან შავი ფულით, რომლის ძალიან დიდი ნაწილიც უკვე გადაკეტილი აქვთ, ჩვენ მიერ მიღებული კანონებიდან გამომდინარე. თავიდან ბოლომდე უხვევენ საკუთარ წესდებას და რაშიც არ უნდა ჩაერიონ, იმაში ერევიან თავიდან ბოლომდე. ეს ორგანიზაციები იკვებებიან შავი ფულით, რომლის ძალიან დიდი ნაწილიც უკვე გადაკეტილი აქვთ, ჩვენ მიერ მიღებული კანონებიდან გამომდინარე - „გამჭვირვალობის კანონი“, „ფარას“ კოპირებული ვარიანტი, გრანტების კანონი და ა.შ. შესაბამისად, ახლა არიან ჩიხურ მდგომარეობაში და ვერ ასრულებენ იმ დავალებებს, რის გამოც იღებდნენ ამ გასამრჯელოს თავიანთი უფროსებისგან“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. პროკურატურაში გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარეობს.

წიწაკის სპრეი, რესპირატორი, ნიღბები, აირწინაღები - რისთვის დაიხარჯა მესამე სექტორის ფული? დოკუმენტი, სადაც ეს ხარჯი იყო გაწერილი, „ქრონიკამ“ მოიპოვა.