საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საუკეთესო ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია განხორციელებული რეგიონული პროექტები, რომელთა მნიშვნელობა იზრდება შუა დერეფნის კონტექსტში - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სწორედ საუკეთესო ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია უმნიშვნელოვანესი რეგიონული პროექტები, რომლის განხორციელებაც ჩვენ ბოლო ათწლეულების მანძილზე შევძელით და დღეს მათი მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, სწორედ შუა დერეფნის კონტექსტში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა არის იმ პროექტების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ხორციელდება და რომელსაც კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, ვიდრე მაშინ, როდესაც დაიწყო ამ პროექტების განხორციელება.

„ის საუკეთესო მაგალითები, რომელიც სწორედ ამ პროექტების განხორციელებით შევქმენით, კარგი საფუძველია, რათა უფრო მეტი დავაშენოთ, უფრო მეტი რეგიონული პროექტი განვახორციელოთ. ამ კონტექსტში, ალბათ, უნდა აღინიშნოს სამმხრივი თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს-აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი და ამ კონტექსტშიც საქართველო დიდ ყურადღებას აქცევს სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაძლიერებას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.