სამწუხაროა, რომ სხვის ქვეყანაში ჩარევის მცდელობები გავრცელებული პრაქტიკა გახდა, ბევრი ქვეყნის პოლიტიკოსმა სცადა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, რაც მიუღებელია - ლევან დავითაშვილი

levan davitashvili

სამწუხაროა, რომ სხვის ქვეყანაში ჩარევის მცდელობა დღეს გახდა გავრცელებული პრაქტიკა და ვხედავთ, რომ ბევრი ქვეყნის პოლიტიკოსმა სცადა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, რაც ცალსახად დასაგმობია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

დავითაშვილს კითხვა დაუსვეს რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ მორიგ ვიდეოზე, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის პოლიტიკის მრჩეველი საქართველოში მაიდნის სცენარის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

ლევან დავითაშვილის თქმით, აღნიშნული საუბრის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ზოგადად დასავლეთში არსებობენ პირები, რომლებსაც აქვთ თავიანთი სუბიექტური ინტერესები, საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე მოახდინონ გავლენა.

„არ მაქვს ინფორმაცია, კონკრეტულად ვისი მონაწილეობით იყო ეს დიალოგი და პრანკერების კონგრესმენთან საუბრის შინაარსი ნამდვილად არ ვიცი. თუმცა ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკის პოლიტიკურ სპექტრში და არა მხოლოდ ამერიკის, დასავლეთში ზოგადად არსებობენ პირები, რომლებსაც აქვთ თავიანთი სუბიექტური ინტერესები, საქართველოს პოლიტიკურ პროცესებზე მოახდინონ გავლენა. ასევე, თავიანთი პოლიტიკური პრეფერენციები აქვთ ამ ადამიანებს. სამწუხაროა, რომ სხვის ქვეყანაში ჩარევის მცდელობები დღეს გახდა გავრცელებული პრაქტიკა და ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის პოლიტიკოსმა სცადა საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა, რაც ნამდვილად მიუღებელია და ცალსახად დასაგმობია. ჩვენთვის ეს სამწუხაროა, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს პოლიტიკოსთა სპექტრი, რომელიც უფრო პასუხისმგებლობით ეკიდება პარტნიორულ ურთიერთობებს და გვესმის, რომ პოლიტიკური სპექტრი არაერთგვაროვანია ყველა ქვეყანაში“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.