სახალხო დამცველი მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იოსელიანი

სახალხო დამცველი მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვნებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად.

„სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. ფონდების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, სადაც იმყოფებოდნენ არასრულწლოვნები. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვნებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. რა მიზნითაც სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო, ხოლო წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა.

სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დილიდან, რამდენიმე ფონდის დამფუძნებლების საცხოვრებელ ბინებში ჩხრეკა მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც.