როცა ადამიანს გადაადგილების შესაძლებლობას უბრუნებ, მას ცხოვრების ხარისხს უბრუნებ - კახა კალაძე „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამაზე

კახა კალაძე

თბილისის მერია, სხვა არაერთ პროგრამასთან ერთად, „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამას ახორციელებს, რისთვისაც მიმდინარე წლის ბიუჯეტში 2 000 000 ლარია გათვალისწინებული.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროგრამის მიზანია, მუხლისა და მენჯ-ბარძაყის ენდოპროთეზირების საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის ოპერაციული მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

„აღნიშნული მომსახურების დაფინანსება საარჩევნო დაპირება იყო. შესაბამისად, „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამას წელსაც ვახორციელებთ და გათვალისწინებულია ბიუჯეტში. გვინდა, მოქალაქეებს, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, დავეხმაროთ  მის მოგვარებაში, ჩვენი ფინანსური მხადრაჭერით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია მომსახურების მისაღებად საგარანტიო წერილს გასცემს და დაფინანსების თანხა შეადგენს არაუმეტეს 6 000 ლარს, ხოლო პაციენტის თანაგადახდა ფაქტიური ხარჯის გათვალისწინებით განისაზღვრება.

ამასთან, კახა კალაძის ინფორმაციით, მერია არ ზღუდავს მოქალაქეებს და მათ სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევის საშუალებას აძლევს.

„ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართოს, რომელიც საჭირო საბუთებს სპეციალურ ელექტრონულ მოდულში ატვირთავს, ხოლო თუ მოქალაქე კერძო დაზღვევით სარგებლობს, მან ან მისმა წარმომადგენელმა, კერძო სადაზღვევო კომპანიიდან შესაბამისი ცნობა მერიაში უნდა შემოიტანოს.

„ჩვენთვის მთავარი არის ადამიანი, მისი ჯანმრთელობა, მოძრაობის თავისუფლება და ღირსეული ცხოვრება. როცა ადამიანს გადაადგილების შესაძლებლობას უბრუნებ, რეალურად მას ცხოვრების ხარისხს უბრუნებ და ყველანაირად ეხმარები, რადგან ჯანმრთელობას ეს პრობლემა გადაადგილებას ხელს უშლის. ჩვენ უყველას დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ, ვისაც ამის საჭიროება აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.