1749577630
რიმა ბერაძე: მიიღებს თუ არა ე.წ. ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას, ეს ხელისუფლებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე არ არის, რასაც უკარნახებენ მათი პატრონები, ისეთი იქნება მათი ქცევაც

„ბოლო თვეებია, მსოფლიო და საქართველო პოზიტიური პოლიტიკური ცვლილებების მოლოდინშია. ამ პროცესების პარალელურად, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ძლიერი რეგიონების გარეშე, ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია, დეცენტრალიზაციის პროცესის განსამტკიცებლად კი აუცილებელია რეგიონების გაძლიერება.
„დღეს, მომსწრე ვართ დესტრუქციული ოპოზიციის გახრწნის პროცესის. ვითომ პროევროპულობისთვის მებრძოლი ოპოზიცია, ფსევდო-ლიბერალური ფაშიზმის გამავრცელებელ საზოგადოებად იქცა. უფრო სწორად, კი არ იქცა, ეს მათ ბუნებაში მუდამ იყო და თავი ვერ დამალა. ახლა აუცილებელია ქვეყნის მტრების საბოლოო დამარცხება და ეს ბოლო „ლურსმანი“ სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება. ეს არის საზოგადოების უმრავლესობის დაკვეთა და დიდი ხნის სურვილი.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩვენი გუნდი უკვე დიდი ხანია ემზადება. ეს პროცესი არც არასოდეს შეწყვეტილა, რადგან მთავრობის პრიორიტეტში მუდამ იყო რეგიონების განვითარება. ამისთვის სამთავრობო გუნდში ბევრი შედეგიანი პროექტი დამუშავდა: რეგიონების განვითარების, მაღალმთიანი რეგიონების, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერის, ადგილობრივი საწარმოების დაფინანსებით და სხვა მრავალი.
ეს ყველაფერი ოპოზიციის მიერ ქვეყანაში დაგეგმილი რევოლუციების, არეულობის, რყევის, დასმენებისა და მტრობის ფონზე მაინც მოვახერხეთ“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
მისივე შეფასებით, არჩევანი ასეთი ადვილი არასდროს ყოფილა: ერთ მხარესაა მშვიდობა, სუვერენიტეტი, ეროვნულობა, იდენტობის შენარჩუნება და ეროვნული თვითმყოფადობის დაცვა და გაძლიერება. მეორე მხარეს კი - აგენტურა, ქვეყნის მტრობა, სიძულვილი და ფსევდო-ლიბერალური ფაშიზმი.
„ნაცმოძრაობის“ დანაყოფები, რომლებიც მტკიცედ აცხადებდნენ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო, დღეს საპირისპირო სურვილები აქვთ. მეორე ნაწილი კი, ვიწროპარტიული ინტერესების გამო ამუნათებს მათ. არ ერიდებიან საჯაროდ ერთმანეთის ლანძღვას და არაფრად მიაჩნიათ საკუთარი ამომრჩევლის ინტერესები.
მიიღებს თუ არა ე.წ. ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას, ეს ხელისუფლებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე არ გახლავთ. არც იმის მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი დამოუკიდებლად მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. რასაც უკარნახებენ მათი პატრონები, ისეთი იქნება მათი ქცევაც. „ქართული ოცნება“ ნებისმიერი კონფიგურაციისთვის მზად ვართ. ქვეყანას არ ჰყავს ოპოზიცია, ამ სიტყვის პოლიტიკური გაგებით. მეორე მხარეს იბრძვის სასოწარკვეთილი უცხოური ძალის აგენტურა“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
მისივე თქმით, ქართველი ერი არასოდეს დამორჩილდება აგენტურულ მმართველობას.
„ისინი არიან გრანტებზე გაყიდული და უცხო ქვეყნის ინტერესებს მიყიდული ძალა, რომელსაც სამშობლო არ გააჩნიათ. ჩვენი გუნდისათვის საქართველო, ჩვენი სამშობლოა და ჩვენ გაგვაჩნია მშობლიურობის და ეროვნულობის განცდა. მათთვის ეს მხოლოდ საცხოვრებელი ტერიტორიაა. ამიტომ ვუწოდებთ მათ უსამშობლოებს. ამიტომ არ აქვთ მათ საზოგადოებაში ნდობა და ამიტომ არ აქვთ შანსი მათ, რომელიმე არჩევნებში გამარჯვებისა ამ ქვეყანაში“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.