რევაზ სოხაძე: მუნიციპალური განვითარების ფონდში დაფიქსირდა მთელი რიგი პრობლემები, ამიტომ ფონდში დაიწყო სისტემური რეფორმა

რევაზ სოხაძე

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდში დაიწყო სისტემური რეფორმა, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პარლამენტში, სადაც ის ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოვიდა.

მინისტრის თქმით, დაფიქსირდა მთელი რიგი სისტემური პრობლემები, დაგვიანებული პროექტები, სუსტი ზედამხედველობა, არათანაბარი დატვირთვა და ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები. ამიტომ სამინისტრო იწყებს ფონდის სრულ რეორგანიზაციას და ინსტიტუციურ რეფორმას, რაც მოიცავს სტრუქტურის გამარტივებას, ფინანსური კონტროლის გაძლიერებას და ციფრულ მართვის სისტემების დანერგვას.

„ფონდი უნდა ჩამოყალიბდეს თანამედროვე, ეფექტურ და გამჭვირვალე ორგანიზაციად, რომელიც ხარისხიანად მართავს ინფრასტრუქტურულ და სოციალური პროექტებს“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ინსტიტუციური მოდერნიზაციის პროგრამის შესაქმნელად, რომელიც მოიცავს ორგანიზაციული სტრუქტურის გამარტივებას, ზედამხედველობისა და ფინანსური კონტროლის გაძლიერებას, ციფრული მართვის სისტემებისა და ადამიანური რესურსების განვითარების ახალი სტანდარტების დანერგვას.

„ასევე, უარი ვთქვით დიზაინ-ბილდის კონტრაქტის მოდელზე, გამონაკლისი შემთხვევების გარდა. გადავწყვიტეთ, რომ პროექტირების ეტაპი გამოვყოთ დამოუკიდებელ პროცესად და კონკურენციის პირობებში შევარჩიოთ საუკეთესო არქიტექტურული და საინჟინრო გადაწყვეტილებები. ამ მიდგომამ ბუნებრივად გაზარდა პროექტების მომზადების ვადები, თუმცა საბოლოოდ ნიშნავს ხარისხზე გაკეთებულ სწორ არჩევანს; მეორე მხრივ, პროექტირების ეტაპის ცალკე გამოყოფა გვაზღვევს მშენებლობის ეტაპზე პროექტის ხარვეზების გამოსწორების შემთხვევებისგან“, - განაცხადა მინისტრმა.

დღეისათვის მხოლოდ მუნიციპალური განვითარების ფონდში მიმდინარეობს 12 ტენდერი და 31 კონკურსი, რომელიც 1.5 მილიარდი ლარის პროექტების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.