ჰაერის ტემპერატურამ 48 გრადუსს მიაღწია... - რა მდგომარეობაა ევროპაში, სადაც ტემპერატურა პიკს აღწევს
1751824808
პრეზიდენტის შეთავაზება დაკავებული პოლიტიკოსების შეწყალების შესახებ, ისევ პოლიტიკური დისკუსიის თემაა. ოპოზიცია შეთავაზებას არ იღებს და მმართველი გუნდის მიზნებზე საუბრობს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, "ქართული ოცნებისთვის" ძალიან დიდი პრობლემაა ლეგიტიმაცია, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რაღაცნაირად ეს ლეგიტიმაცია მიიღონ და პოლიტიკური ლიდერები სწორედ ვაჭრობის მიზნით დააკავეს.
"ყაველაშვილმა ამ განცხადებით რა დაადასტურა? დაადასტურა ორი რამე. პირველი, მათთვის ძალიან დიდი პრობლემაა ლეგიტიმაცია, ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რაღაცნაირად ეს ლეგიტიმაცია მიიღონ და მეორე, ანახა ის, რომ პოლიტიკური ლიდერი სწორედ იმიტომ დაიჭირა "ქართულმა ოცნებამ", რომ შემდეგ ამ ადამიანებს ციხეში ევაჭროს. როგორ წარმოგიდგენიათ, ეს ადამიანები გააზრებულად არ წავიდნენ ციხეში, რომ იმას ვერ ხვდებოდნენ ყაველაშვილს შეწყალებით ციხიდან გამოსვლა ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნების" დანამატი ხდები. ასე რომ ნდომებოდათ "ქართული ოცნების" დანამატები ყოფილიყვნენ და მოღალატის სახელი ჰქონოდათ, საგამოძიებო კომისიაზეც მივიდოდნენ და არც ციხეში წავიდოდნენ საკუთარი ნებით", - განაცხადა ანა წითლიძემ.
პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, პოლიტიკური ლიდერების ციხეში ყოფნის მიუხედავად, ბრძოლა უნდა იყოს მუდმივი და ყოველდღიური.
"პოლიტიკური ლიდერების ციხეში ყოფნის მიუხედავად, ბრძოლა უნდა იყოს მუდმივი და ყოველდღიური, ჩვენ მზად ვართ ამ ბრძოლისთვის. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს იმისათვის, რომ დავდოთ გამარჯვების ლელო. რა თქმა უნდა, მამუკა და ბარდი დაგვაკლდება, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად მოგვცემს იმის ძალას, რომ გავაასმაგოთ ჩვენი ბრძოლა და მივიყვანოთ გამარჯვებაზე. არ დავუთმობთ "ქართულ ოცნებას" არც ერთ მუნიციპალიტეტს. ჩვენ გვაქვს ხალხის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ბრძოლის უნარი და აუცილებლად შევალთ ამ ბრძოლაში", - განაცხადა ლანა გალდავამ.
"ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის უარი კიდევ ერთი დასტურია, რომ მათ არჩევნებში დამარცხების ეშინიათ.
მიხეილ ყაველაშვილმა 4 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია რომ შეიწყალებს ყველა დაპატიმრებულ პოლიტიკოსს, რომელიც მას შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართავს და დაადასტურებს სურვილს, არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.