1692302192
პარტიებმა "გახარია საქართველოსთვის" და "ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო – ძლიერი საქართველო“ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.
მემორანდუმს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს.
„ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება და კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აცხადებს შეთანხმების, მემორანდუმის, თანამშრომლობის საწყის პრინციპებს, რაც გულისხმობს საერთო ბრძოლას, კოორდინაციას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს არ არის სტანდარტული არჩევნები. შესაბამისად, ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთ კონკურენცია. ამიტომ მერობის არაპარტიულ, ნეიტრალურ კანდიდატებზე ვეცდებით შეთანხმებას, ასევე მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებზე და საერთო პარტიულ კანდიდატებზე, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ფორმით ჩვენ ნორმალიზებას ვახდენთ რაიმე პროცესის“, - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
კუპრაძის განცხადებით, პარტია „გახარია საქართველოსთან“ თანამშრომლობის საწყის პრინციპებზე შეთანხმდნენ.
„ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი კოლეგების განსხვავებულ პოზიციებს სხვადასხვა სტრატეგიასთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვპასუხობთ არანაირ ბრალდებას და არ შევდივართ კინკლაობაში, რადგან 4 ოქტომბრის შემდეგაც ჩვენ უნდა ვისაუბროთ ერთობაზე. დღეს ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობის საწყის პრინციპებზე“, - განაცხადა კუპრაძემ.