1747422287
პარლამენტის აპარატის უფროსმა კახა ოქროჯანაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს პარლამენტის 2026 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი წარუდგინა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2026 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი განიხილა.
პარლამენტის აპარატის უფროსის, კახა ოქროჯანაშვილის განცხადებით, პარლამენტის ბიუჯეტი შემუშავებულია რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით, პარლამენტის ყველა სტრუქტურული ერთეულის ჩართულობით და დამტკიცებულია ხაზინადართა საბჭოს მიერ.
მისი თქმით, პარლამენტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარი პარამეტრები უცვლელად 2025 წლის დონეზეა შენარჩუნებული. კერძოდ, ბიუჯეტის საპროგნოზო მოცულობა 91.5 მლნ. ლარით არის წარმოდგენილი, ხოლო მომუშავეთა რიცხოვნობა 708 საშტატო ერთეულით.
მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი ხარჯების შესახებ.
„საქონელისა და მომსახურების“ მუხლი დაგეგმილია 31,69 მლნ ლარის ოდენობით. „გრანტების“ და „სოციალური უზრუნველყოფის“ მუხლები ზრდას არ ითვალისწინებს და 2025 წლის მოცულობით 0,15 მლნ და 0,9 მლნ. ლარით არის გათვალისწინებული.
„სხვა ხარჯების“ მუხლში თანხა შეადგენს 4,35 მლნ ლარს, 2025 წლის დამტკიცებულ/დაზუსტებულ გეგმასთან შედარებით ზრდა 354 ათასი ლარია, რაც უკავშირდება ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურების ფასების ყოველწლიური ზრდის ტენდენციას. კაპიტალური ხარჯებისათვის (არაფინანსური აქტივები) გათვალისწინებულია 6,7 მლნ ლარი.