პაპუაშვილი: რამაც ბოლო წლებში ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა, არის ის, რომ გარე თუ შიდა მტრებს, ხელისუფლებაში, არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ

შალვა პაპუაშვილი

რამაც ბოლო წლებში ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა, არის ის, რომ გარე თუ შიდა მტრებს, ხელისუფლებაში, არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

მისივე თქმით, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ საქართველოს მთავარი საფრთხე შიდა მტერია.

„ჩვენი ისტორიის მანძილზე ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდებოდა. დაბრმავებული ქართველების ხელით დღესაც ცდილობენ ქვეყნის არევას, დესტაბილიზაციას, დაპირისპირებას და ქაოსის დათესვას, რაც მხოლოდ გარე მტრის ინტერესს ემსახურება.

მათი ხელისუფლებაში დაბრუნების და მოსვლის ერთადერთი მიზანი ფსევდოევროპულილოზუნგებით სახელმწიფოს განსაცდელში შეყვანაა. ასე შეგვიყვანეს განსაცდელში 2008 წელს და, ღმერთმა დაგვიფაროს, მათ ხელში, იგივე დაგვემუქრებოდა მომავალშიც.

მთავარი, რამაც ბოლო წლებში ომების მუდმივი ქაოსის მოჯადოებული წრე გაგვარღვევინა, არის ის, რომ გარე თუ შიდა მტრებს, ხელისუფლებაში, არა ფოჩიან კანფეტს დახარბებული აქტივისტები, არამედ საქართველოს პატრიოტები დახვდნენ. ჩვენ, მაშინ, მშვიდობისთვის ბრძოლის ის ეპიზოდი მოვიგეთ, მაგრამ მშვიდობისთვის ომი, ჯერ კიდევ, მოსაგებია.

ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას ეს კარგად ახსოვს. ისტორია კარგი მასწავლებელია მანამ, სანამ ის ახსოვთ. ჩვენ გვახსოვს და არ ვივიწყებთ ჩვენი სამშობლოს უახლეს ისტორიას და მრავალათასწლოვან მატიანესაც.

დიდება სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემულ მეომრებს!“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 17 წელი გავიდა.