ნინო წილოსანი ოპოზიციის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე: დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანები თავისით არაფერს არ წყვეტენ

ნინო წილოსანი

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანები თავისით არაფერს არ წყვეტენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ოპოზიციის იმ ნაწილზე საუბრისას, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.

„მაგალითად გიორგი გახარიას შემთხვევაში ის სანამ პრემიერ-მინისტრობიდან გადადგებოდა, ფაქტობრივად თავისი რეიტინგის პიკში იმყოფებოდა და არაფერს არ შეეძლო, რომ ასეთი სულელური ნაბიჯის გადადგმა ეიძულებინა, თუ არა გარედან წამოსულ დავალებას. იდენტურად ლელოს ლიდერებზე.

ფაქტია, რომ ეს ადამიანები სანამ საკუთარ დანაშაულებზე რაღაც საქმე არ იქნა გახსნილი, იქამდე მათთვის ყველაფერი კარგად ხდებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. ერთ შემთხვევაში გარედან მიღებული ბრძანებებით მოქმედებენ, ამავე შემთხვევაში პირადი ამბიციებით. ორივე შემთხვევაში ამ პოლიტიკოსებს არ გააჩნიათ არც ქვეყნის სიყვარული, არც საკუთარი ამომრჩევლის სიყვარული. ერთადერთი რითაც ხელმძღვანელობენ ეს არის მანკიერი ფაქტორი.

ამ შემთხვევაშიც ერთადერთი მოტივაცია არის, რომ ან გარედან მოუწოდეს და ასეთი როლი მისცეს რომ ეთამაშათ, ან პირადი ამბიცია ამოძრავებთ. „ლელოს“, გახარიას და სხვებს განსაკუთრებით ნეგატიური როლი აქვთ ამ მთლიან სცენარში. ამას ძალიან კარგად გრძნობს ხალხი და ზუსტად იმიტომ ვერ ახდენენ იმ დიდ მავნებლობებს, რომლისთვისაც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ უდიდესი რესურსი იხარჯება.

ეს არის ძალიან კარგად ამუშავებული მანქანა, რომელიც სამწუხაროდ გლობალური პოლიტიკური გავლენების შესაბამისად ხორციელდება და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ „გლობალური ომის პარტიაზე“, აქ მხოლოდ ომზე არ არის საუბარი, ეს არის ომი, რომელიც აღწერს ქვეყნებში, მათ შორის ურთიერთობებში და ხალხში ნეგატიური პროცესების დაინიციირებას. ზუსტად ეს არის იმ გლობალური ომის პარტიის და ამ პარტიაზე მომსახურე ადამიანების შინაარსი“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.