GWP აბონენტებს წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ აფრთხილბს
1779467922
ოპოზიცია საზოგადოებასთან კეკლუცობს, თითქოს ბევრს ნერვიულობენ და მუშაობენ, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები გამოსწორდეს. საზოგადოებისთვის ნათელია და ყველამ კარგად იცის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში სწორედ ოპოზიცია მუშაობდა აქტიურად, რათა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობები გაუარესებულიყო, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი მოეხსნათ და კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ, საქართველოს ხელისუფლება არ ეღიარებინათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, სამხარაძეს კითხვა დაუსვეს: „ოპოზიციურმა ალიანსმა“ მიიღო თავის წერილზე პასუხი, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველი ხალხის ერთგული, თუმცა „ოცნება“ თუ არ შეიცვლის კურსს, ვერანაირი დიალოგი ვერ იქნება ევროკავშირთან“.
„ასევე გვახსოვს წერილი, რომელიც 2024 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ ევროკავშირში გააგზავნა, რომ საქართველოსთვის სანქციები დაეწესებინათ. ახლა მათი „მატრაკვეცობა“ არაფრის მიმტანია. ეს ბრიუსელში ქულების დასაწერად თუ სჭირდებათ, არ ვიცი, მაგრამ საქართველოში ამ ქმედებით ნამდვილად ვერ დაიწერენ ქულებს. რაც შეეხება ევროკავშირს და ზოგადად, ბრიუსელს, ისინი ქართველ ხალხს მხარს თუ უჭერენ, რასაც ყოველდღე აცხადებენ და ამ განცხადების კეთება ლამის ყოველდღიურ რიტუალად გადაიქცა, მაშინ ქართველ ხალხს არჩეული ხელისუფლება ჰყავს და საქართველოს ხელისუფლებასთან უნდა ჰქონდეთ დიალოგი. სხვანაირად ეს მაგონებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, პუტინის განცხადებებს, რომელიც ასევე ამბობს, რომ უყვარს ქართველი ხალხი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებასთან ვერ ახერხებს კონტაქტის დამყარებას, ზოგად პრინციპებზე ვერ თანხმდება. ქართველ ხალხთან მეგობრობა ვისაც უნდა და ვინც მხარს უჭერს ქართველ ხალხს, ის საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობს და საქართველოს ინტერესებს ითვალისწინებს. სხვა დანარჩენი, ეს განცხადებები ლიტონი სიტყვებია და მეტი არაფერი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
კიდევ ერთ კითხვაზე, „ოპოზიციის წერილზე ევროკავშირის მხრიდან მყისიერი რეაგირება იყო, მმართველი გუნდის წერილებზე კი ევროკავშირი დუმს, როგორ აფასებთ ამ ფაქტს?“, სამხარაძემ აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია, ვინ რა ინტერესს ემსახურება და ვინ რისთვის იბრძვის.
„ევროკავშირს, ყოველ შემთხვევაში, ბრიუსელს, გაცხადებული პოლიტიკა აქვს, რომ საქართველოსთან უმაღლეს დონეზე დიალოგი არ აქვთ. შესაბამისად, ამ ხაზს მიყვებიან. ოპოზიცია მათთვის შიდა დასაყრდენს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ხანდახან თავიანთ გზავნილებს აჟღერებენ. ამიტომ, ქართული საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია, ვინ რა ინტერესს ემსახურება და ვინ რისთვის იბრძვის“, – აღნიშნა სამხარაძემ.