ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ასამბლეის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობდა

ნატო

28-30 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და თურქეთის პარლამენტის ორგანიზებით, ასამბლეის ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფისა და ეკონომიკური უსაფრთხოების კომიტეტის ერთობლივი სემინარი გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში არსებული ეკონომიკური და უსაფრთხოების გამოწვევები, ტერორიზმთან ბრძოლა და  ნატოსთან თანამშრომლობა. ასევე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხი და უკრაინაში მიმდინარე საომარი ვითარება.

„დისკუსიის ფარგლებში ხაზი გაესვა ნატო-ს მხრიდან ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებთან სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავებას და გაფართოების საჭიროებას, ახალი უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვას და ჰიბრიდულ გამოწვევებთან გამკლავებას.

შავი ზღვის რეგიონის საკითხების განხილვისას აღინიშნა, რომ უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამო შავ ზღვაში უსაფრთხოების გამოწვევები გაზრდილია, ხოლო ომის სამხედრო გზით მოგვარება, არსებული ვითარებით, უპერსპექტივოა. შესაბამისად, ხაზი გაესვა დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერებას. დისკუსიისას ასევე აღინიშნა საქართველოსა და უკრაინასთან თანამშრომლობის  გაღრმავებისა და გაფართოების აუცილებლობა“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დელეგაციის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ თავის გამოსვლაში „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ზე ისაუბრა, რომელიც საქართველოში 28 აპრილს გაიხსნა. გივი მიქანაძემ  ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობასა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების საკითხზე ისაუბრა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობისას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, მარიამ ლაშხმა ხაზი გაუსვა საქართველოს მხრიდან კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლის პროცესშიც აუცილებელია საერთაშორისო მხარდაჭერა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 35 ქვეყნის პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციის 121-მა წარმომადგენელმა.