1780555563
მთავრობის ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში, მაქსიმალურად დაიხვეწა შესყიდვების კანონმდებლობა, შეიქმნა ცენტრალიზებული შემსყიდველი ორგანო, რომელიც წლის ბოლომდე 200 მილიონამდე ღირებულების საქონელსა და მომსახურებას შეისყიდის - ჟორჟოლიანი
მთავრობის ანტიკორუფციული პოლიტიკის ფარგლებში, მაქსიმალურად დაიხვეწა შესყიდვების კანონმდებლობა, მათ შორის შესრულდა ევროკავშირის რეკომენდაციები, ერთ-ერთი არის ცენტრალიზებული შემსყიდველი ორგანოს დაფუძნება, რომელმაც პირველი ივნისიდან დაიწყო ფუნქციონირება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ეს უწყება განახორციელებს ხარისხის მაქსიმალურ კონტროლს და ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს.
„ვფიქრობთ, წლის ბოლომდე 200 მილიონამდე ღირებულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვას შეძლებს აღნიშნული ორგანო. გარდა ამისა, შესყიდვებს, რომელთა ღირებულება აღემატება 500 ათას ლარს და რომლის განხორციელებაც სურთ სამინისტროებს, სსიპებს თუ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებს, მათ შორის მუნიციპალიტეტებს, განახორციელებს ცენტრალიზებული შესყიდვების უწყება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ასევე ისაუბრა ბაზრის კვლევის ელექტრონულ მოდულზე, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდა და აღნიშნა, რომ ეს მექანიზმი მაქსიმალურად აზღვევს კომპანიებს შორის წინასწარ გარიგებებს.
„ასევე მაქსიმალურად დაზღვეულია გარიგებები შემსყიდველის წარმომადგენელსა და კომპანიებს შორისაც. ეს არის აბსოლუტურად კონფედენციალური პროცესი. შემსყიდველი ვერ ხედავს შემოთავაზებულ ფასებს, ვიდრე არ დასრულდება შემოთავაზების ვადა, შესაბამისად, მანიპულაციების დრო და საშუალება თითქმის არ არსებობს. ეს არის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და შესყიდვების სააგენტოს ერთობლივი პროექტი, ხოლო ეფექტიანობის დეპარტამენტმა 2025 წლის ივნისიდან დღემდე უკვე მოახერხა თითქმის ნახევარი მილიარდი ლარის დაზოგვა“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.











