1746099248
მთავრობამ მიიღო ნორმატიული აქტი, რომელიც სამუშაო სივრცეში კონკრეტული დანადგარების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს - მიხეილ სარჯველაძე

მთავრობის სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების ნორმების განმტკიცება და ამ თვალსაზრისით მოდევნო ნაბიჯების გადადგმა. საქართველოს აქვს საკმაოდ შთამბეჭდავი რეზულტატები ამ მიმართულებით, რომელიც შედეგად მოჰყვა, მათ შორის შრომის ინსპექციის სამსახურის ჩამოყალიბებას, მის ფუნქციონირებას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძე განაცხადა.
მინისტრის თქმით, მთავრობამ მიიღო აქტი, რომელიც დაარეგულირებს სამუშაო სივრცეში კონკრეტული დანადგარების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
„უწყვეტად გრძელდება სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების, დასახიჩრების ფაქტები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ. მიხარია, რომ ეს მთლიანად მთავრობის ერთიანი ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია, ეს გახლავთ სამთავრობო პროგრამის ნაწილიც. გვაქვს საფუძველი, ახლა ვისაუბროთ სამომავლოდ გაუმჯობესებულ შესაძლებლობებეზე, რომელსაც გააჩენს ახლად მიღებული ნორმატიული აქტი. ეს გახლავთ კონკრეტული დადგენილება, რომელიც დაარეგულირებს სამუშაო სივრცეში კონკრეტული დანადგარების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. უზოგადესი და ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულებები ჩნდება ბიზნესსექტორისთვის, დამსაქმებლებისთვის, ყველა დაწესებულებისთვის, რომელშიც განთავსებულია დანადგარები“,- განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ სარველაძის განცხადებით, დგინდება ისეთი სახის ვალდებულებები, როგორიცაა უშუალოდ დანადგარების განთავსებასთან დაკავშირებული ნორმები და სტანდარტები.
„ასევე დგინდება ვალდებულება პროფესიონალებისთვის, რომლებიც უშუალოდ იმუშავებენ ამ დანადგარებთან, მათთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სამუშაო ინსტრუქციები, დოკუმენტები, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოდ ამ დანადგარების გამოყენებას და სხვა. ჩვენი მოლოდინი არის, რომ ამ ნორმატიული აქტის მოქმედების შემდეგ, 2025 წლის სექტემბრიდან, ესეც თავის მხრივ გამოიწვევს კლებას უბედური შემთხვევებისა დასაქმების ადგილებზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ნორმატიული აქტის მიღებას ითავლისწინებს ასოცირების შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შესასრულებელი აქვს გარკვეული ამოცანები და ამ თვალსაზრისით საკმაოდ მსუყე ნაწილი ჩაითვლება შესრულებულად. ესეც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, მათ შორის ევროპულ სტანდარტებთან ქვეყნის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თვალსაზრისით“, – განაცხადა მინისტრმა.