მიხეილ სარჯველაძე ბუდაპეშტში შანდორ პინტერს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე ბუდაპეშტში შანდორ პინტერს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი, ბუდაპეშტში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა, რომელიც უნგრეთის ჯანდაცვის, განათლების, სოციალურ საკითხებსა და სხვა მიმართულებებს ხელმძღვანელობს.

მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობის საკითხები და ის შესაძლებლობები, რომლებიც მომავალში, ორივე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისა და სოციალური მიმართულებების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, ჯანდაცვისა და ფარმაცევტულ სფეროში, სამედიცინო განათლების, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საერთო გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. განიხილეს ჯანდაცვის სფეროში, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მნიშვნელობა, რაც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, პაციენტის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და პროცესების ოპტიმიზაციას ითვალისწინებს. ასევე, ხაზი გაესვა ტელემედიცინის როლს, განსაკუთრებით რეგიონებში, როგორც ხელმისაწვდომი და ეფექტური მომსახურების განვითარების ინსტრუმენტს.

მინისტრმა უნგრელ კოლეგას, ამ მიმართულებით, საქართველოს მიღწევები გააცნო. საუბარი შეეხო სამედიცინო პროფესიის რეგულირების ცალკეულ საკითხებსაც, რაც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და რეგულაციური ჩარჩოების დახვეწას გულისხმობს.