მათიკაშვილი: თუ ტერიტორიებზე უარის თქმა არის იმის საფუძველი, რომ საქართველოს ევროკავშირში კარი გაეხსნას, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია შევაფასოთ, რომ საქართველო ამ გზას არასდროს აირჩევს - ჩვენ ვერასდროს ვიტყვით უარს ჩვენს ტერიტორიებზე

დავით მათიკაშვილი

პეტერ ფიშერისგან მსგავსი ტიპის განცხადებებს დღენიადაგ ვისმენთ, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერის, მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თქმითაც „ საქართველომ თავისი თავი უკრაინისგან და მოლდოვისგან მოწყვიტა ევროკავშირისკენ მიმავალი საერთო გზიდან“.

როგორც მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აღნიშნა, ევრობიუროკრატიის წარმომადგენლებისგან ძალადობისა და ძალმომრეობის სურვილი აშკარაა.

„თუ ავიღებთ ობიექტური რიცხვებით თვლად მონაცემებს, საქართველოს მოლდოვასა და უკრაინაზე ბევრად უკეთესი თამასა აქვს ვალდებულებების შესრულებაში, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაში, ვიდრე მოლდოვაში ან უკრაინაში.

თუ საქართველოსგან იმას ითხოვდნენ, რომ უარი თქვას დამოუკიდებლობაზე, ან ტერიტორიებზე უარის თქმა არის იმის საფუძველი, რომ საქართველოს ევროკავშირში კარი გაეხსნას, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია შევაფასოთ, რომ საქართველო ამ გზას არასდროს აირჩევს. ჩვენ ვერასდროს ვიტყვით უარს ჩვენს ტერიტორიებსა და დამოუკიდებლობაზე.

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ის უმძიმესი მოცემულობა, რაც არის დღეს ევროკავშირში იმ ევრობიუროკრატიის გადამკიდე, რომელიც ამ სახელმწიფოთა გაერთიანებას მართავს.

თავის დროზე, როდესაც ევროკავშირი შეიქმნა იმ ღირებულებების გარშემო, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების დაცვა და პატივისცემა, მედიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვა, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება და მშვიდობა, ეს ყველაფერი დღეს პრაქტიკულად ნიველირებულია იმ ევრობიუროკარეტბის მიერ, ვინც დღეს ევროკავშირს მართავს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.