ლევან მახაშვილი: საკონსტიტუციო სარჩელი არის განაცხადი, რომ არ შეიძლება, საქართველოს მომავალს წყვეტდნენ პარტიები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, პოლიტიკური საქმიანობის გარდა

ლევან მახაშვილი

საკონსტიტუციო სარჩელი სრულად ეფუძნება დროებითი საგამოძიებო კომისიის შედეგებს და საუბარია იმაზე, თუ რომელი პარტიები და რატომ იმსახურებენ პოლიტიკური ცხოვრებიდან გასვლას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს სარჩელი არის განაცხადი, რომ არ შეიძლება, პარტიები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, პოლიტიკური საქმიანობის გარდა, წყვეტდნენ საქართველოს მომავალს.

„პოლიტიკურ პროცესში პოლიტიკური პარტიები უნდა მონაწილეობდნენ, რომლებიც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებებს. პარტიებს, რომლებიც ჩართული არიან სახელმწიფო დამხობაში, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში, ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ პროცესში, არ შეიძლება, პოლიტიკური პარტიები ეწოდოთ. ასეთი პარტიები არ უნდა არსებობდნენ, რაც სარჩელის მიზანი იქნება“, – განაცხადა მახაშვილმა.