ლევან მახაშვილი: რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ - ეს არის ეკლესია, პატივსაცემი ადამიანები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სუვერენიტეტი, ერთიანობა, მშვიდობა

ლევან მახაშვილი

ამ რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებზე საუბრისას.

მისივე თქმით, რეზოლუციებში წერია, თუ რაც და ვინც არის ძვირფასი ჩვენი საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის და შესაბამისად, მათ წინააღმდეგ გაბრძოლება, ავტორიტეტის შელახვა წარმოადგენს სამოქმედო გეგმას რადიკალებისთვის.

„საზოგადოება რომ არ დავაბნიოთ ძალიან ბევრი დეტალით, სინამდვილეში ევროპარლამენტის რეზოლუცია არის იმის ასახვა, იმის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვამბობდით, ვუხსნიდით საზოგადოებას ამდენი ხნის განმავლობაში - თუ ჩვენ წავიკითხავთ ამ რეზოლუციას დეტალურად, ეს არის რადიკალების სამოქმედო გეგმა. პირდაპირ მოქმედების ინსტრუქციაა, თუ რას უნდა ებრძოლონ. რას უნდა ებრძოლონ? - ამ დოკუმენტში წერია ყველაფერი, რაც და ვინც არის ძვირფასი ჩვენი საზოგადოებისთვის თუ სახელმწიფოსთვის. ეს არის ეკლესია, პატივსაცემი ადამიანები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სუვერენიტეტი, ერთიანობა, მშვიდობა, ყველა ის მიღწევა, რომელიც ქვეყანამ მიაღწია. სწორედ ეს საკითხებია, რასთან გაბრძოლებაც და თუ პირებზეა საუბარი, რომელთა ავტორიტეტის შებღალვაზეა საუბარი.

ჩვენ თუ აქამდე საუბრობდით, თუ რა შეიძლება იყოს მათი სამოქმედო გეგმა, რაზე ფიქრობენ, რა არის მათი მიზნები და გეგმები, აგერ, ამ რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ. რატომ? იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, დაყონ, დაქსაქსონ და ერთმანეთს დაუპირისპირონ საზოგადოება. დაყოფილი საზოგადოების მართვა მარტივია. ამიტომ, ეს ყველაფერი არის ომის დღის წესრიგით ნაკარნახევი და ატეხილი ხმაური“, - განაცხადა მახაშვილმა.