ლევან მახაშვილი: „მეგობარი აქტი“ დამაზიანებელი იქნება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ის პირდაპირ მტრული აქტია და არანაირი ფასი არ აქვს

ლევან მახაშვილი

„მეგობარი აქტი“ დამაზიანებელი იქნება ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ის პირდაპირ მტრული აქტია და არანაირი ფასი არაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, „ჯო უილსონს და სხვებს, რომლებიც ამ აქტის ბოლომდე გატანას ცდილობენ, ნამდვილად თუ აქვთ ნტერესი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს, ეს ნაბიჯები არ უნდა გააგრძელონ“.

„პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ „მეგობარ აქტს“ არათუ არანაირი ფასი არაქვს, არამედ პირდაპირ მტრული აქტია საქართველოსთვის. მიიღებენ თუ არ მიიღებენ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ამერიკის პრეზიდენტს დღესაც აქვს უფლება, სურვილის შემთხვევაში, მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რის მანდატსაც, ერთი შეხედვით, ეს აქტი აძლევს. ამიტომ, „მეგობარ აქტს“ არსებითად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი, რასაც ეს აქტი აკეთებს, არის ის, რომ ხელს უშლის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვას. ორივე ქვეყანა ცდილობს, ურთიერთობები მოვაქციოთ ცივილურ პროცესში საერთო ინტერესების გათვალისწინებით. ამის პარალელურად, ვიღაც-ვიღაცები, მათ შორის ამ აქტით და სხვა აგრესიული რიტორიკით ცდილობენ, დააზიანონ ურთიერთობების გადატვირთვა. ამიტომ, სრულიად დავეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ „მეგობარი აქტს“ არც აქამდე ჰქონდა აზრი, მნიშვნელობა, გარდა იმისა, რომ ხელს უშლიდა ურთიერთობების გადატვირთვას.

ეს არის მტრული აქტი, ეს იქნება დამაზიანებელი ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ამიტომ ჯო უილსონი იქნება თუ სხვები, რომლებიც დიდი მონდომებით ცდილობენ ამ აქტის ბოლომდე გატანას, ნამდვილად თუ აქვთ ნტერესი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს, მაშინ ეს ნაბიჯები არ უნდა გააგრძელონ. თუ აგრძელეებენ, ე.ი ძალიან მკაფიო მიზანი აქვთ, დააზიანონ ორმხრივი ურთიერთობები. მე და ჩემს კოლეგებს რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ, არის ის, რომ სადაც, ვისთანაც ხმა მიგვიწვდება, ყველას ვუთხრათ, რომ ეს აქტი არ არის იმ ტიპის აქტი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვას შეუწყობს ხელს, პირიქით, დააზიანებს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.