რაგბის თამაში, შესაძლოა, დემენციის განვითარების რისკს ზრდიდეს - ახალი კვლევის შედეგები

რაგბის თამაში

 კვლევის თანახმად, ახალ ზელანდიაში მორაგბეებს ალცჰაიმერის დაავადებისა და სხვა ტიპის დემენციების განვითარების რისკი სხვა მოსახლეობასთან შედარებით 22%-ით მაღალი აქვთ. ნაშრომზე ოკლენდის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის ლექტორი სტეფანი დი სოზა მუშაობდა. მასთან ერთად კვლევაში ჩართული იყო ახალი ზელანდიის რაგბის ნაკრების წარმომადგენელი დოქტორი კენ ქუერი.

სპორტის გრძელვადიანი გავლენის შესასწავლად, გუნდმა თითქმის 13 000 კაცის ჯანმრთელობის მონაცემები გააანალიზა. ისინი 1950-2000 წლებში რეგიონულ ან უფრო მაღალი დონის გუნდებში თამაშობდნენ. მათი შედეგები 2.4 მილიონი ახალზელანდიელი კაცისას შეადარეს, რომლებიც ასაკით, ეთნიკურობითა და დაბადების ადგილით ემთხვეოდნენ.

კვლევის წამყვანი ავტორის, ფრანჩესკა ენსის თქმით, 35-წლიანი დაკვირვების პერიოდში (1988–2023) 1000 კაციდან დაახლოებით 52-ს აღმოაჩნდა ან გარდაიცვალა ნეიროდეგენერაციული დაავადებით. ყოფილ მორაგბეებში კი ეს მაჩვენებელი 65-მდე იყო.

„ეს დამატებით 13 შემთხვევაა 1000 კაცზე, ანუ საშუალოდ კიდევ ოთხი ნეიროდეგენერაციული დაავადების შემთხვევა წელიწადში", - განმარტავს ის.

მისივე თქმით, როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ მოთამაშეებს დაავადების განვითარების მაღალი რისკი ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, გამოიკვეთა, რომ ალბათობა უფრო დიდი იყო მაღალი დონის მოთამაშეებში.

 „ჩვენმა ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ უკანა ფლანგზე მოთამაშეებს დაავადების განვითარების უფრო მაღალი რისკი ჰქონდათ. მათ შემთხვევაში რაც უფრო გამოცდილი იყო მოთამაშე, ალბათობა მით მეტი იყო. მსგავსი რამ არ შეგვინიშნავს თავდამსხმელებში", - დაამატა ენსმა.

როგორც წესი, დაავადების გაზრდილი რისკი 70 წლიდან ხდება შესამჩნევი. ადრეულ ასაკში დემენციის ნიშნები არ იკვეთება. დი სოზას თქმით, ეს შედეგები აშშ-ში, იტალიასა და შოტლანდიაში ჩატარებული სხვა კვლევების შედეგებს ემთხვევა. მათ მიგნებებში მხოლოდ მცირე განსხვავებაა.

„ეს შეიძლება კვლევის მიდგომით აიხსნას", - აღნიშნავს ის - „შევისწავლეთ როგორც პროფესიონალი მოთამაშეები, ისე მოყვარულები. გარდა ამისა, ათწლეულების განმავლობაში რაგბის წესები იცვლებოდა".

კვლევა განხორციელდა Kumanu Tāngata პროექტის ფარგლებში, რომელიც პირველი კლასის მორაგბეების ჯანმრთელობას სწავლობს. დი სოზას თქმით, შეჯახებების შედეგად მოთამაშეებში ტვინის პრობლემებიც იჩენს თავს.

„კვლევა ზუსტად ვერ ამტკიცებს, რომ შეჯახება ტვინის ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს, თუმცა აქამდე არსებული ნაშრომების მიხედვითაც, კავშირი ნამდვილად არსებობს. საბოლოოდ, ვნახეთ, რომ პროფესიონალ და უკანა ხაზის მოთამაშეებს დაავადების დანარჩენებზე მაღალი რისკი აქვთ. ის იზრდება წლებისა და ჩატარებული მატჩების რაოდენობის შესაბამისად".

 „პოზიციების მიხედვით განსხვავებული რისკები იმაზეც მიანიშნებს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დარტყმების რაოდენობა, არამედ მათი ხასიათიც", - დაამატა მკვლევარმა.

ავტორები ფედერაციებს ურჩევენ, რომ თავში დარტყმები შეზღუდონ; ასევე აკონტროლონ საეჭვო ტვინის შერყევები და ისაუბრონ თამაშის სარგებელსა თუ რისკებზე.