1771327333
ლევან მახაშვილი: ამერიკელი ხალხის ფული, რომელიც სრულიად სხვა მიზნებს უნდა მომსახურებოდა, იხარჯებოდა საქართველოში ისეთ პროცესებში, რომელიც არც ამ ფულის გაცხადებულ მიზნებში ჯდებოდა და არც საკანონმდებლო სივრცეში ექცეოდა
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი „ქრონიკასთან“ საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის მაიკ ბენცის მიერ 2024 წლის პროტესტების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მახაშვილის თქმით, „რამდენადაც ეს შესაძლოა ვიღაცისთვის გასაოცარი ან ახალი ამბავი იყო, მეორეს მხრივ იყო საკმაოდ ტრივიალური მოვლენა“.
„ჩვენ ვიცით, ვხედავდით, რომ ამერიკელი ხალხის ფული, რომელიც სრულიად სხვა მიზნებს უნდა მომსახურებოდა, იხარჯებოდა საქართველოში ისეთ პროცესებში, რომელიც არც ამ ფულის გაცხადებულ მიზნებში ჯდებოდა და არც საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში ექცეოდა.
ამ ფულმა გამოიწვია ძალიან ბევრი პრობლემა საქართველოში პოლიტიკურ-საზოგადოებრივ თუ სხვა პროცესებში. ამიტომ, მნიშვნელოვანია აღიარება ნებისმიერ შემთხვევაში, რომ ეს ნამდვილად ასე იყო. ამავე დროს კარგია, რომ საბედნიეროდ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს ფონდები, რომლის გავლითაც შემოდიოდა საქართველოში ეს ფული, ეს არხები, ფონდები დაკეტა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
როგორც ბენცმა აღნიშნა, 2024 წელს „უცხოური გავლენის კანონის“ წინააღმდეგ აქციებში ჩართული ადამიანები აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პერიოდში, მათ შორის USAID-ისა და NED-ის მეშვეობით ფინანსდებოდნენ. მისივე განმარტებით აშშ-ის ინტერესებში შედის, რომ სხვა ქვეყნებმა არ იცოდნენ, ვინ ფინანსდება აღნიშნული სტრუქტურების მიერ, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენა. ბენცი ასევე საუბრობს ორმაგ სტანდარტზე“ და აღნიშნავს, რომ მაშინ როცა ამერიკაში წლებია მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის კანონი, ვაშინგტონი სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მსგავსი კანონმდებლობის მიღებას აკრიტიკებს.









