1753735351
ლევან მაჭავარიანი: ვადამდელი და ხელახალი არჩევნები საქართველოში არ დაინიშნება. როგორც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, ჩატარდება 2028 წელს

ვადამდელი და ხელახალი არჩევნები საქართველოში არ დაინიშნება. როგორც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, ჩატარდება 2028 წელს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა ჰკითხა, რა საფუძველი აქვს „გორბის“ კვლევაზე დაფუძნებულ ოპოზიციის აფორიაქებას და რა შემთხვევაში შეიძლება განიხილოს ხელისუფლებამ ვადამდელი, თუ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის პერსპექტივა.
„ვადამდელი და ხელახალი არჩევნები საქართველოში არ დაინიშნება. როგორც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, ჩატარდება 2028 წელს. ოპოზიციას რა სურს, ეს მეორე საკითხია. ჰიპოთეზურად წარმოვიდგინოთ, არჩევნები რომ ტარდებოდეს, მეტი შანსი აქვთ, თუ რა?! ახლა გველოდება თვითმმართველობის არჩევნები. რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ განიხილება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? გამოკითხულთა 56,2% - მა „ქართული ოცნება“ დაასახელა.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით ჩაატარა.
საველე სამუშაოები 2025 წლის 22 ივნისი-5 ივლისს შესრულდა. შედგა 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).
წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაცხადებული ხმის მიცემის და ოფიციალური შედეგების თანაფარდობით) და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში.
სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე. ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით.