1753735351
ლევან მაჭავარიანი „გორბის“ კვლევებზე: რა თქმა უნდა, აქ ჩვენთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა. პირადად ჩემთვის მოულოდნელი არის ის, რომ ოპოზიცია მაინც ინარჩუნებს იმ რეიტინგს, რომელიც ნაჩვენებია „გორბის“ კვლევაში

რა თქმა უნდა, აქ ჩვენთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა, პირადად ჩემთვის მოულოდნელი არის ის, რომ ოპოზიცია მაინც ინარჩუნებს იმ რეიტინგს, რომელიც ნაჩვენებია „გორბის“ კვლევაში, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ოპოზიციის რეიტინგი შემცირებულია, თუმცა მოლოდინი ჰქონდა, რომ კიდევ უფრო მკვეთრად იქნებოდა შემცირებული.
„ამას აქვს რამდენიმე მიზეზი და მე ამაზე ძალიან ბევრჯერ მისაუბრია.
პირველ რიგში, მათ მიაყენეს შეურაცხყოფა თავიანთ ამომრჩეველს და არ მიიღეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ამომრჩევლისთვის ვინაიდან მათ ხმა მისცეს იმისთვის, რომ ოპოზიციას ისინი პარლამენტში წარმოედგინა. მათ ჰქონდათ ტრიბუნა, კომისიაში მუშაობის საშუალება, კომიტეტებში მუშაობის საშუალება და ა.შ.
არის მეორე ფაქტორი, ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ოპოზიცია ატყუებდა თავიანთ ამომრჩევლებს, რომ თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული. თავიანთი ამომრჩეველი ელოდებოდა, რომ მტკიცებულებებს მაინც წარმოადგენდა ოპოზიცია რამესთან დაკავშირებით. ვნახეთ, რომ ვერანაირი მტკიცებულება ვერაფერთან დაკავშირებით ვერ წარმოადგინეს.
ეუთო/ოდირის ანგარიშია გზამკვლევი არჩევნებთან დაკავშირებით, რომელსაც შევახსენებ საზოგადოებას, რომ ის ევრობიუროკრატები, რომლებიც დღეს არ აქცევენ ამ ანგარიშს ყურადღებას, არჩევნებამდე ამბობდნენ, რომ ამ ანგარიშს დაეყრდნობოდნენ.
არის კიდევ რამდენიმე მიზეზი ოპოზიციის რეიტინგის შემცირების ასახსნელად. არის ძალიან მარტივი, რომ დავაკვირდეთ წინა არჩევნებიდან მოყოლებული თუ რას საუბრობს ოპოზიცია დაუმალავად, პირდაპირ ეთერებში. განუწყვეტლივ, ფაქტობრივად ყველა ლიდერი იმაზე საუბრობს, მათ დღის წესრიგს წარმოადგენს, რომ ქვეყანა მოაქციონ ეკონომიკურ იზოლაციაში, გამოიწვიონ ეკონომიკური დესტაბილიზაცია ქვეყანაში. ამასთანავე, მათი გაგზავნილი წერილები ბრიუსელში, ვიზიტები ბრიუსელში, სადაც პირდაპირ ითხოვენ ქვეყნის დასანქირებას და ა.შ. ამ ყველაფრის ფონზე ამომრჩეველს იმედები უცრუვდება და მათი რეიტინგი მცირდება“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.