1749757476
ლევან დავითაშვილი: მთავრობათაშორისი სამიტი განსაკუთრებული ფორმატია, ეხება ყველა მიმართულებას - უნგრეთი ღიად აფიქსირებს საქართველოს მხარდამჭერ პოზიციას, რისთვისაც ჩვენ რა თქმა უნდა, ძალიან მადლიერები ვართ

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ ფორმატში თანამშრომლობა ყველა მიმართულებას ეხება.
„მთავრობათაშორისი სამიტი განსაკუთრებული ფორმატია, სხვა ქვეყნებთან ასეთი არ გვაქვს, როდესაც სრული შემადგენლობით, მთელი მთავრობა მონაწილეობს შეხვედრებში. შესაბამისად, თანამშრომლობის მიმართულებები კომპლექსურია, ეხება ყველა მიმართულებას. ამ სამიტების ფარგლებში ჩვენს ხელს ვაწერთ კონკრეტულ შეთანხმებებს. ამ შემთხვევაშიც დაგეგმილია ხელმოწერა ინოვაციების, ტექნოლოგიების, კვლევის მიმართულებით თანამშრომლობაზე. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მიმართულებაა, სადაც თანამშრომლობის პერსპექტივები გაგვაჩნია უნგრეთთან. ასევე, უნგრეთი არის საკმაოდ განვითარებული სამრეწველო ეკონომიკა.
ვფიქრობ, რომ უნგრეთიდან ძალიან რეალისტურია ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში. უნგრეთი ნელ-ნელა ინტერესდება ჩვენი რეგიონით, მათ შორის ახლო აღმოსავლეთით, სამხრეთ კავკასიით. ვფიქრობ, რომ ესეც იქნება თანამშრომლობის საინტერესო მიმართულება. იცით, რომ მიმდინარე წლის იანვარში ჩვენ წლების ნამუშევარ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, ეს ეხება ინვესტიციების დაცვის და აღიარების შესახებ ხელშეკრულებას. ამაზე რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდით და ვფიქრობ, რომ ეს კარგი ფორმალური პლატფორმა და საფუძველი იმისთვის, რომ ინვესტორები დავაინტერესოთ უნგრეთიდან საქართველოში”, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მან ასევე ისაუბრა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე პოლიტიკური მიმართულებით და უნგრეთის მხარდაჭერაზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ.
„უნგრეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი ურყევი მხარდამჭერი ქვეყანაა. ის განსაკუთრებით ღიად აფიქსირებს საქართველოს მხარდამჭერ პოზიციას, რისთვისაც ჩვენ რა თქმა უნდა, ძალიან მადლიერები ვართ. უნგრეთთან გვაქვს სრული თანხვედრა ბევრ საკითხზე და ვფიქრობ, რომ ეს ურყევი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, რაც საქართველოს უნდა დაეხმაროს საბოლოოდ ევროპაში ინტეგრაციაში”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.