პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1779385085
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აკვაკულტურის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე მხარეებმა აკვაკულტურის სექტორის განვითარების მიმდინარე ტენდენციები, დარგში არსებული გამოწვევები და სახელმწიფო მხარდაჭერის მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო ბიოუსაფრთხოების სისტემების გაძლიერებას, თევზის დაავადებების მართვას, საკონსულტაციო მომსახურების ხელმისაწვდომობას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობასა და დარგში კვალიფიციური სპეციალისტების გადამზადების მნიშვნელობას.
"სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავებთ დაფინანსების მექანიზმების გაუმჯობესებაზე, მეურნეობებში ბიოუსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერებასა და იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოდნისა და განათლების ხელმისაწვდომობას, რადგან სწორედ კვალიფიციური ცოდნა წარმოადგენს სექტორის განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს", - განაცხადა ლაშა დოლიძემ.
დარგის წარმომადგენლების შეფასებით, აკვაკულტურის სექტორის განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ბიოუსაფრთხოების სტანდარტების დაცვასა და ფერმერების პროფესიული ცოდნის გაძლიერებას.
"განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ბიოუსაფრთხოებისა და დაავადებების მართვის საკითხები. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, კვლავ გამოწვევად რჩება ფერმერების ინფორმირებულობა და პრაქტიკული ცოდნა, როგორ დაიცვან ბიოუსაფრთხოების ნორმები საკუთარ მეურნეობებში. სწორედ ამიტომ, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მიმართულებით კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს", - განაცხადა ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის "ფორეჯი" თავმჯდომარემ ალექსანდრე ბაღდაძემ.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში უკვე დანერგილია თევზის დაავადებების თანამედროვე კვლევის მეთოდები, რაც დაავადებების დროული დიაგნოსტიკისა და პრევენციის შესაძლებლობას ქმნის. აღნიშნული მომსახურება ფერმერებს საშუალებას აძლევს, ადგილზე მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევის შედეგები.
სამუშაო შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და დარგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.