კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში ცნობად მიიღეს

საქართველოს პარლამენტი

საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის, სპორტისა და დიასპორის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში წარადგინა.

მომხსენებელმა საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვისას, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკური ზრდის პარამეტრებზე, ინფლაციის მაჩვენებელზე, საგარეო ვაჭრობის მიმართულებებზე, ნაერთი და სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებზე ისაუბრა.

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები 27 941 729.4 ათასი ლარით განისაზღვრა.

აღნიშნული სახსრებიდან, საანგარიშო პერიოდში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა 13 656 818.1 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო საკასო შესრულებამ - 12 741 986.3 ათასი ლარი.

გიორგი კაკაურიძის თქმით, პირველ და მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდის კუთხით დაგეგმილზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ასევე, ზრდის ტენდენცია შეინიშნება საგარეო ვაჭრობის მიმართულებითაც.

მისივე ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ნაერთი ბიუჯეტის გადასახადები 100.9%-ით, გრანტები - 124.5%-ით, სესხების დაბრუნება კი - 153%-ით შესრულდა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს, შესრულების მაჩვენებელი 103.8%-ია.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, 6 თვის მონაცემებით, სამინისტროების მიერ ბიუჯეტის შესრულების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, დადებითი და პოზიტიური დინამიკა იმ პროგრამების შესრულების კუთხითაც შეინიშნება, რომლებსაც საგარეო საქმეთა და სპორტის სამინისტროები სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებენ.

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

საკითხის განხილვის შემდეგ, კომიტეტებმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში ცნობად მიიღეს.