1746007492
„კოლექტიური ჯო უილსონები, ძალიან კარგად ვიცით ებრძვიან არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ებრძვიან თავისუფალ სიტყვას ჩვენს ქვეყანაში“ - არჩილ გორდულაძე

ჰელსინკის კომისიის აპარატის უფროსისა და პოლიტიკური მრჩევლის, პოლ მასაროსთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერზე, მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება. ხელისუფლების წევრების შეფასებით, ეს არის ერთგვარი წამოცდენა და იმის აღიარება, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციას გარე აქტორები გეგმავენ.
"ადამიანები, რომლებიც პირდაპირ მართულები არიან და მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ Deep state-ს ხელი შეუწყონ, რათა ჩვენს ქვეყანაში მათი აგენტურა როგორმე მოვიდეს ხელისუფლებაში. კოლექტიური ჯო უილსონები ძალიან კარგად ვიცით, ებრძვიან არა "ქართულ ოცნებას," არამედ ებრძვიან თავისუფალ სიტყვას ჩვენს ქვეყანაში. მათ არ უნდათ, რომ სიმართლე ისმოდეს ჩვენს ქვეყანაში და მხოლოდ მწამებელი რეჟიმის წარმომადგენლები და აგენტურა იყოს ხელისუფლებაში მოსული. რა თქმა უნდა, მათ აქვთ ხოლმე წამოცდენები.
კიდევ ერთხელ, ეს ხაზს უსვამს, რომ "ქართული ოცნების" წევრები ყოველთვის ვამბობთ სიმართლეს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებობს ძალიან მავნებლური დამოკიდებულება და მისწრაფებები, რათა ჩვენს ქვეყანაში მოხდეს რევოლუცია, რომელსაც მოჰყვება "კოლექტიური ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლა, იმ ადამიანებისა, რომლებიც სხვის დაკრულზე იცეკვებენ," - აღნიშნა "ქართული ოცნების" წევრმა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიის აპარატის უფროსს და პოლიტიკურ მრჩეველს, პოლ მასაროს რუსმა პრანკერებმა დაურეკეს. ისინი მასაროს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილის სახელით გაეცნენ და ესაუბრნენ USAID-ისა და NED-ის დახურვაზე, ასევე, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ჯო უილსონის მრჩეველს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა საქართველოში მაიდნის მსგავსი სცენარის მოწყობა, რაზეც პოლ მასარო პასუხობს, რომ ეს ჯერ კიდევ შეიძლება მოხდეს და საქართველოს შემთხვევაში ისინი დიდ ძალისხმევას აწარმოებენ.