ხელოვნურია ეს დაპირისპირება. პატრონი ერთი ჰყავთ, როლები გადაანაწილეს და დავალება მისცეს ვინ როგორ მოიქცეს, ისინი რომ ბუნებრივად შეჭამენ ერთმანეთს, ეს ნათელია - თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე

თენგიზ შარმანაშვილი

სამი დღე ვადის ამოწურვამდე - არჩევნებზე დასარეგისტრირებლად პარტიებს ვადა 17 ივლისამდე აქვთ. სწორედ რეგისტრაციის შემდეგ მიანიჭებენ პოლიტიკურ სუბიექტებს საარჩევნო ნომრებს. მანამდე არჩევნებში მონაწილეობის თემაზე ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება.

პარტია "გახარია საქართველოსთვის" და კოალიცია "ლელო-ძლიერი საქართველო" დღეს არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ. მათი მისამართით ისევ მწვავე კრიტიკა ისმის. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მათთვის პოლიტიკა დასრულებულია.

შეფასება კეთდება "ქართულ ოცნებაშიც" - უმრავლესობაში მემორანდუმს ყალბს უწოდებენ.

"მემორანდუმები არის ყალბი და მერე რითი მთავრდება ესეც ვიცით. ვითომ მემორანდუმი გააფორმეს ადგილობრივ არჩევნებზე კი არა, საპარლამენტო არჩევნების წინაც. მერე შეინარჩუნეს ეს ვითომ ერთობა? რა თქმა უნდა ვერ შეინარჩუნებენ, იმიტომ, რომ მათ ხომ არავინ არაფერს ეკითხება, გადაუნაწილებენ როლს - შენ ახლა იქნები რადიკალი, შენ შედარებით კონსტრუქციული, მაგრამ ორივემ იცის, რომ ამოცანა არის ერთი. ხელოვნურია ეს დაპირისპირება, იმიტომ, რომ პატრონი ერთი ჰყავთ, ვინც ამას გეგმავს, მათი პატრონები, როლები გადაანაწილეს და შესაბამისი დავალება მისცეს ვინ როგორ მოიქცეს და ისინი რომ ბუნებრივად შეჭამენ ერთმანეთს, ეს ნათელია", - აცხადეს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.