იუმორისტულად თუ შევხედავთ 200 ათასი დოლარის გადახდაზე ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას - თენგიზ შარმანაშვილი

თენგიზ შარმანაშვილი

200 ათასი დოლარის გადახდაზე ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას იუმორისტულად თუ შევხედავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხს სერიოზულად ვერ აღიქვამს.

„ამას იუმორისტულად თუ შევხედავთ. მე მასთან ურთიერთობა არ მაქვს და შეგიძლიათ, ჰკითხოთ, რა ტიპის ინფორმაცია სჭირდება 200 ათას დოლარად, რომ ვუშოვო. იქნებ ამ საქმეში მეც გამოვადგე. ამას სერიოზულად ვერ შევხედავთ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „მივმართავ ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, ვინც არ მიიღებთ მონაწილეობას დარბევაში, 200 ათას დოლარს მიიღებთ, სხვა თანამშრომლებსაც, ვინც სისტემას ამხელს, უნდა მივცეთ ეს თანხა“.