1692302192
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: მალე „ჰამასის“ მკვლელებისა და მოძალადეების თავზე ჯოჯოხეთის კარი გაიხსნება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი სოციალურ ქსელ X-ში ქალაქ ღაზის დაკავების სამხედრო ოპერაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მალე დაჯგუფება „ჰამასის“ მკვლელებისა და მოძალადეების თავზე ჯოჯოხეთის კარი გაიხსნება.
„გუშინ ჩვენ ღაზაში „ცაჰალის“ მიერ შემუშავებული „ჰამასის“ განადგურების გეგმა დავამტკიცეთ, რომელიც ძლიერ ცეცხლს, მცხოვრებლების ევაკუაციას და სახმელეთო მანევრებს გულისხმობს. მალე ღაზაში „ჰამასის“ მკვლელებისა და მოძალადეების თავზე ჯოჯოხეთის კარი გაიხსნება მანამ, სანამ ისინი ომის დასრულებისთვის ისრაელის პირობებს არ დათანხმდებიან, რომელთაგან მთავარი ყველა მძევლის გათავისუფლება და იარაღის დაყრაა. თუ ისინი არ დათანხმდებიან, ღაზა - „ჰამასის“ დედაქალაქი რაფაჰად და ბეით-ხანუნად იქცევა. როგორც ვთქვი, ისე იქნება“, - დაწერა კაცმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კაცმა ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) მიერ შემუშავებული ქალაქ ღაზის აღების სამხედრო გეგმა დაამტკიცა. ოპერაციას სახელად „გიდეონის ეტლები - 2“ ჰქვია. ებრაელი სამხედროები მის განხორციელებას უკვე შეუდგნენ.