ის განცხადებები, მუქარა, შანტაჟი, რომელიც ევროინსტიტუციების წარმომადგენლებისგან მოედინება, ჩრდილს აყენებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

პოლიტიკური შეფასებების თემაა "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ინიციატივა. საზოგადოებრივი მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად პლებისციტი ჩაატაროს, რათა გაირკვეს, რა არის ხალხის დაკვეთა.

საუბარია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს კითხვაზე" - "ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ, მოხდეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება."

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ის მუქარები, შანტაჟი, რომელიც ევროინსტიტუციების წარმომადგენლებისგან მოედინება, ჩრდილს აყენებს საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობას.

წილოსანის თქმით, განაწყენებისა და ნეგატიური განწყობის ფორმალიზება, როგორც ჩანს "ნეიტრალურმა საქართველომ" მოახდინა.

"უცნაურია, როდესაც ევროინსტიტუციების ერთი ნაწილი გვაშანტაჟებს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, გვთხოვენ გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების კანონის გაუქმებას, ხოლო მეორე მხრივ, იგივე ევროკომისია აქვეყნებს "კარგი მთავრობის" ანგარიშს, სადაც კეთილსაიმედო პოლიტიკაა შეფასებული, სწორედ "კარგი მთავრობის" ანგარიშში, საქართველოს საუკეთესო შეფასება აქვს გამჭვირვალობის მიმართულებით და იმ კარგი კანონების მიმართულებით, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რომლითაც ნამდვილად ვამაყობთ და რომლებიც ამ ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

ამის საპირწონედ, ამ კანონების გაუქმების მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოა. ის განცხადებები, მუქარები, შანტაჟი, რომელიც რიგი წარმომადგენლებისგან მოედინება, რა თქმა უნდა, ჩრდილს აყენებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას. ამ განაწყენებისა და ამ ნეგატიური განწყობის ფორმალიზება, როგორც ჩანს "ნეიტრალურმა საქართველომ" მოახდინა. რა თქმა უნდა, მათ შეიძლება ჰქონდეთ ამის მორალური უფლება, რადგან ყველაფერი ის, რაც ევროსტრუქტურების ზოგიერთი წარმომადგენლისგან მოედინება, ნამდვილად არ ჯდება და ვერ იქნება აღქმული მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობად", - განაცხადა ნინო წილოსანმა.